“სამი თვეა პროზექტურაშია დასვენებული… არ ვიცით, რატომ მოკლა ცოლმა, შვილის სამკურნალოდ იყვნენ წასულები” – მარად სურმანიძის ოჯახი ამბობს, რომ მათთვის უცნობია, სად არის ახლა მისი 5 ხუთი შვილი
საფრანგეთში მოკლული 31 წლის მარად სურმანიძის ოჯახის წევრები და ახლობლები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აჭარის მთავრობას დახმარებას სთხოვენ, რათა მარად სურმანიძის საქართველოში გადმოსვენება დროულად მოხდეს.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია მარად სურმანიძის მეუღლე.
მათთვის უცნობია, სად იმყოფება მარად სურმანიძის ხუთი შვილი.
“ჩემი დისშვილი სამი თვეა პროზექტურაშია დასვენებული. ვითხოვთ ყურადღებას გადმოსვენებაში მთავრობის დახმარებას. არ ვიცით, რა პირობებში არიან ბავშვები. მხოლოდ ის ვიცით, რომ თავშესაფარში არიან გადაყვანილი. მკვლელობა სამი თვის წინ მოხდა. ფაქტზე მისი მეუღლეა დაკავებული. მთავარი მოთხოვნაა, სამი თვის წინ მოკლული ჩემი დისშვილი დროულად გადმოასვენონ. მარადის ოჯახი საფრანგეთში ერთ-ერთი შვილის სამკურნალოდ იყო წასული. დაახლოებით ორი წელი ემიგრაციაში იყვნენ. ჩვენთვის უცნობია, რა მიზეზით მოკლა ცოლმა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, მძიმე დანაშაული საფრანგეთში გასული წლის 17 დეკემბერს მოხდა. 31 წლის მამაკაცს დახრჩობის კვალი აღენიშნება. მეზობლების განცხადებით კი, წყვილის ჩხუბის ხმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.
ადგილზე მისულ პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ და მისი რეანიმირება ვეღარ მოხერხდა. მეორე დღეს პოლიციამ ქმრის მკვლელობის ბრალდება მის ცოლს ლანა ხუნწარიას წარუდგინა. ტულონის პროკურატურის ცნობით, ახალგაზრდა ქალმა თავდაპირველად აღიარა დანაშაული და მომხდარი დაწვრილებით აღწერა, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი უარყო. უწყების ინფორმაციით, წარმოშობით ქართველი წყვილის 5 ბავშვი გადასცეს ტულონის ბავშვთა სოციალურ სამსახურს. ხუთივე ბავშვი მომხდარისას შინ იმყოფებოდა, თუმცა დაზუსტებით უცნობია, ისინი შეესწრნენ თუ არა დანაშაულს. გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. იგეგმება ეჭვმიტანილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება.
რა თქვა მკვლელობაში ბრალდებული ქალის დედამ?
“ინვალიდი შვილი ჰყავდათ და ამის გამო წავიდნენ უცხოეთში. თურმე ჩემ შვილზე ძალადობდა, წამალდამოკიდებული გამხდარა და ფულს სთხოვდა, სულ ჩხუბი ჰქონიათ. მაგრამ ჩემი შვილი ერთი პატარა, ჭია გოგოა, ათასი დარდი და პრობლემა გამოვლილი, როგორ შეეძლო ბიჭი გაეგუდა. არსად გაქცეულა. ადგილზე აიყვანეს ჩემი შვილი. მირჩევნია დღეს ჩემი შვილი იყოს მკვდარი, ვიდრე სიძე. არ მინდა ასეთი სირცხვილით ცხოვრება, ბავშვებს რა უნდა ვუთხრა. ამ ჩემს სიძეს დიდი დოზა ხომ არ ჰქონდა გაკეთებული და ამით მოკვდა. ხომ არის, რომ მერე ცუდად ხდებიან”.
წყარო: ambebi.ge