ხალხის სიკეთის წყალობით, მალე ლიზის ახალი სახლი ექნება! – ვინ დაამატა სოლიდური თანხა ხალხის მიერ შეგროვებულ ფულს, რომლის მეშვეობითაც ხაშურელი გოგონას ხელმოკლე ოჯახს ოცნება აუსრულდება
პატარა ლიზი ხაჩიძე, რომლის ოჯახიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ამიერიდან საკუთარ ჭერქვეშ იცხორებს. ნანა შველიძე, რომელმაც „სიკეთის ქალაქის” მეშვეობით ხაშურელი ლიზის და მისი ოჯახის გაჭირვების შესახებ გვიამბო, ახლა სოციალურ ქსელში წერს, რომ კეთილი ადამიანების დამსახურებით, მალე ლიზის ახალი სახლი ექნება.
“სიკეთის ქალაქში ხალხის სიკეთის დღეა.. ალბათ ყველას გახსოვთ ხაშურელი გოგონას ისტორია.. ხალხის სიკეთის წყალობით მალე ლიზის ახალი სახლი ექნება… უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ ყველას… ვინც თუნდაც 1 ლარი დარიცხეთ ამ ოჯახისათვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისათვის ბატონ დიმიტრი აბდუშელიშვილს, ამ მადლიანმა ქართველმა კაცმა სიკეთის ქალაქის შეგროვებულს სოლიდური თანხა დაამატა და დღეს ლიზის ოჯახს უკვე აქვს თანხა სახლის შესაძენად…
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ასევე მამულიჩას, რომელიც პირადად ჩავიდა ლიზისთან, მოინახულა და… გაახარა ბავშვები.. მადლობა მინდა ვუთხრა უამრავ ადამიანს, 2 კვირაა არ შეწყვეტილა იმ ხალხის ნაკადი, ვინც თავად ესტუმრა ლიზის.. მიაწოდეს საკვების მარაგი ტანსაცმელი და სათამაშოები…
ქართველებო, ეს დიდი სიხარული ჩვენი ერთად დგომის შედეგია… მადლობა ამისათვის თითოეულ თქვენგანს. მადლობა ქართველ ემიგრანტებს ესპანეთის ქალაქ კორდობიდან… მადლობა რეჯო ემილიას ემიგრანტებს ელენეს და მის მეგობრებს… მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანეთ ლიზის ისტორია და დახმარების ხელი გაუწოდეთ”, – წერს ნანა შველიძე.
ლიზი ხაშურში ცხოვრობს მშობლებთან და პატარა დაძმასთან ერთად…. ოჯახში სულ 5 ბავშვია, ისინი სოციალურ შემწეობაზე არიან. ოჯახიდან მუშაობას მხოლოდ მამა ახერხებს, რომლის ხელფასიც ოჯახს საკვებადაც არ ჰყოფნის.
ლიზის ამბიდან ყველაზე სულისშემძვრელი ეპიზოდი ის იყო, რომ გოგონა ამბობდა, კლასელის დაბადების დღის წვეულებაზე არ დამიშვეს, რადგან ტორტის ფული არ მქონდა დადებულიო.