ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა თამდევი დაავადება გართულდა… – ცნობილია რით გარდაიცვალა თენგიზ ცერცვაძე
76 წლის ასაკში იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. ოჯახის ინფრომაციით, მედიკოსი ბოლო დროს ავადმყოფობდა.
თენგიზ ცერცვაძეს კოლეგები ქართული მედიცინის „დონ კიხოტს“ უწოდებდნენ. 52 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის სამედიცინო სფეროში ერთ-ერთ ანგარიშგსაწევ ფიგურად და მაღალი რანგის პროფესიონალად მიიჩნეოდა. მის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყანაში შიდსის ვირუსთან ბრძოლის და ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვა.
ინფექციური საავადმყოფოს პიარმენეჯერის, გოგა ბერიძის თქმით, ბატონი თენგიზის მდგომარეობა ბოლო დროს გართულდა.
„ბოლოს ფეხი მოიტეხა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა მდგომარეობა თანმდევი დაავადებების გამო (ონკოლოგია) გართულდა.
სიმსივნე წლების განმავლობაში ჰქონდა, თუმცა არ პროგრესირებდა. ბოლოს გააქტიურდა, გაიკეთა ქიმიოთერაპია. კონსულტაციებს გადიოდა უცხოელ სპეციალისტებთან, მაგრამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.
მე თბილისში არ ვარ, ახლა მოვდივარ. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ წუხელ გული ორჯერ გაუჩერდა. პირველ ჯერზე ამუშავება შეძლეს, თუმცა გამეორების შემდეგ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჩემთვის ორმაგად სამწუხაროა, სიტყვები არ მაქვს ამ ტკივილის გადმოსაცემად. არ მჯერა, რომ ამ ყველაფერზე ვსაუბრობ. მადლობა თითოეული წუთისთვის, ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, ადამიანობის, კაცობის, ღირსების, პროფესიონალიზმის უამრავი მაგალითისა და უკიდეგანო სიკეთისთვის… რამდენი და რომელი ერთი გავიხსენო, რაც ცხოვრების გაკვეთილად აქცია ჩემთვის… რამდენი ბრძოლა, ნებისყოფა, სიბრძნე, დიპლომატია და შეუპოვარი ბრძოლა დასჭირდა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საკუთარი ჭერი ჰქონოდა… ვეღარ მოასწრო, აღარ დასცალდა… ნათელი თქვენს სულს ბატონო თენგიზ და მარადიული ხსოვნა… ღირსებით იცხოვრეთ და დატოვეთ კვალი ნათელი“, -ამბობს გოგა ბერიძე.
ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.