საყვარლის გამო მან თავისი ცოლი, 8 შვილის დედა გამოასალმა სიცოცხლეს – ულამაზესი ქალის ტრაგიკული ცხოვრება
ეს ამბავი მართლაც გამაოგნებელია და მაგალითია იმისა, როგორი ამოუცნობნი შეიძლება იყვნენ ადამიანები. თითქოსდა იმდენი საერთო, იმდენი ერთად გადატანილი წელი და… უცებ ასეთი რამ. ცნობილი ამერიკელი ექიმი მარტინ მაკნეილი ციხეში ჩასვეს ცოლის მკვლელობისთვის, რომელთანაც 30 წელი იცხოვრა და 8 შვილი გაუჩნდა… მან თავად გაუკეთა ცოლს სასიკვდილო ინიექცია სედატიური და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისგან და სააბაზანოში დატოვა მომაკვდავი…
თავდაპირველად გარდაცვალების მიზეზად წნევის პრობლემები მიიჩნეოდა, რომლებიც გაჩნდა სახის კანის დაჭიმვის ოპერაციის ჩატარების შემდეგ. მარტინმა იცოდა, რომ მიშელი დიდ რისკზე მიდიოდა ამ ოპერაციის ჩატარებით, თუმცა დაიჟინა და მიშელიც დათანხმდა, ოღონდაც ამის გამო გამუდმებული ჩხუბი აეცილებინა თავიდან. აღმოჩნდა, რომ ესეც მარტინის დიდი და ვერაგი გეგმის ნაწილი იყო…
2007 წლის 11 აპრილს დილით, რვა შვილის დედა და სილამაზის კონკურსის გამარჯვებული მიშელ მაკნილი აბაზანის მისაღებად შევიდა. მან რამდენიმე დღის წინ ქმრის მოთხოვნით სახეზე პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა, თუმცა რაღაც არასწორად წავიდა…
იმ დილით ქმარ-შვილმა მიშელთან დარეკვა არაერთხელ სცადა, მაგრამ ის ტელეფონს არ პასუხობდა. შუადღისას სახლში მისულ ქმარს ცოლი გარდაცვლილი დახვდა…
მალე პოლიციაც გამოჩნდა. სამართალდამცავებმა სახლი დაათვალიერეს და იქ საეჭვო ვერაფერი იპოვეს, დაკითხეს მიშელის ქმარი, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად საუბრობდა. მამაკაცმა აღწერა, როგორ იპოვა მეუღლე უგონო მდგომარეობაში, ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას ცდილობდა, თუმცა არაფერი გამოვიდა. მარტინი ამბობდა, რომ სახლში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც პატარა გოგონა, ადა, სკოლიდან წამოიყვანა. სააბაზანოში გონდაკარგული მიშელი კი პირველად 6 წლის ადამ ნახა.
მიშელის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად გულის შეტევა დასახელდა, რაც რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული პლასტიკური ოპერაციის გართულებად ჩათვალეს… მიშელს სხეულზე ძალადობის რაიმე კვალი არ ეტყობოდა.
მიშელის ოჯახმაც დაადასტურა, რომ ინციდენტამდე 8 დღით ადრე ქალს კოსმეტიკური პროცედურა ჩაუტარდა. ქალის მშობლებმა ისიც აღნიშნეს, რომ ის კონკრეტულ პრეპარატებს იღებდა.გაკვეთამ ასევე დაადგინა, რომ მიშელს ქრონიკული მიოკარდიტი აწუხებდა, რის გამოც მაღალი წნევა ჰქონდა. სწორედ ამ დაავადებამ, პრეპარატებთან ერთად, გულის გაჩერება გამოიწვია.
მომხდარში უკეთ რომ გავერკვათ, მიშელის ბიოგრაფიას გადავხედოთ.
მიშელი 1957 წელს კალიფორნიაში, მილტონ და ჰელენ სომერების შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მშობლები მორმონები იყვნენ და ცდილობდნენ, ქალიშვილისათვის თავიდანვე რელიგიის ეს მიმდინარეობა ჩაენერგათ. თავიდან მიშელი დადიოდა ეკლესიაში, უკრავდა ვიოლინოზე და იდეალური ბავშვი იყო. თუმცა, მოზარდობის ასაკში ყველაფერი შეიცვალა.
მიშელი ძალიან ლამაზი იყო, ამიტომ მამაკაცების მხრიდან ყურადღება არასდროს აკლდა. სკოლაში ყველაზე პოპულარული გოგონა იყო. ადგილობრივ სილამაზის კონკურსებში არაერთხელ გაიმარჯვა. 1976 წელს კი, მშობლების განსაკუთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, “მის კონკორდის“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. ბევრი ფიქრობდა, რომ გოგონას სამოდელო ბიზნესში დიდი წარმატება ელოდებოდა, მაგრამ იმავე ზაფხულში მან მარტინი გაიცნო…
მარტინ მაკნილი 1956 წელს კალიფორნიაში, ასევე მორმონების ოჯახში დაიბადა. მაგრამ, მისი მშობლები მკაცრად რელიგიურები არ იყვნენ, ამიტომაც არც მისგან მოითხოვდნენ რელიგიური წესების მკაცრად დაცვას.
მარტინი სკოლაში ცუდად სწავლობდა. ამიტომაც, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებაზე აღარ უფიქრია. მამის დაჟინებული თხოვნით, 17 წლის ასაკში ჯარში წავიდა. 2 წლის შემდეგ ჯარში მომხდარი ინციდენტის გამო, ნერვული აშლილობა განუვითარდა. 1975 წელს ბიჭი სახლში გაუშვეს და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვეტერანის პენსია დაუნიშნეს.
19 წლის მარტინი შრომით თავს არ იწუხებდა და ერთობოდა. 1976 წელს კი ერთ-ერთ წვეულებაზე მიშელს შეხვდა. მათ ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ. მიუხედავად იმისა, რომ მარტინიც იმავე რელიგიური მიმდინარეობიდან იყო, ორივეს მშობლები ამ ქორწინებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. ამიტომაც, ახალგაზრდა წყვილი იძულებული გახდა, გაქცეულიყო. ისინი არიზონაში, პატარა ბინაში დასახლდნენ და ერთად დაიწყეს ცხოვრება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი მუშაობდა, საკვებისა და ქირის ფული არ ჰქონდათ, დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა, მარტივად და სწრაფად ფული ეშოვათ.
მარტინმა დოკუმენტების გაყალბება დაიწყო და სხვადასხვა თაღლითურ სქემაში ჩაერთო. მიშელი ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა და სთხოვდა, ნება დაერთო, სასადილოში მიმტანად ემუშავა…
1978 წლის 21 თებერვალს ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ. ქორწინებიდან 4 თვის შემდეგ მარტინი დააპატიმრეს და ციხეში 6 თვით ჩასვეს. მიშელი ქმარს მოუთმენლად ელოდებოდა, ამ დროს ის პირველ შვილზე იყო ორსულად. 1978 წლის ბოლოს მას ქალიშვილი, რეიჩელი ეყოლა.
1980-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა ოჯახი საცხოვრებლად იუტაში გადავიდა. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ მარტინმა კრიმინალური მიდრეკილებები წარსულში დატოვა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა…
მარტინმა სამედიცინო დოკუმენტები გააყალბა და ისე, რომ ამ მიმართულებით არანაირი განათლება არ ჰქონია, ოსტეოპათიურ ცენტრში მუშაობა და პაციენტების მიღება დაიწყო… ის ადამიანებს ეუბნებოდა, რომ სხეულზე შეხებითა და მარტივი ვარჯიშებით განკურნავდა.
მიშელი ქმრის თაღლითობებზე თვალს ხუჭავდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ კიდევ 2 შვილი შეეძინათ. 1990-იან წლებში ოჯახმა 4 უკრაინელ ბავშვზე აიღო მეურვეობდა. 2000 წელს კი ოჯახში ადა გამოჩნდა. სინამდვილეში ადა მიშელისა და მარტინის შვილი კი არა, შვილიშვილი იყო, რომელიც მათმა შვილმა, ვანესამ, მცირე ასაკში გააჩინა და წყვილმა იშვილა.
ოჯახი გარედან საკმაოდ წარმოსადეგად გამოიყურებოდა. მარტინი და მიშელი საქველმოქმედო ღონისძიებებში ერთვებოდნენ, ეკლესიაში დადიოდნენ, ერთად ისვენებდნენ.
მიშელი ძირითადად ბავშვების მოვლით იყო დაკავებული, თითქმის მთელ დროს მათ უთმობდა. ამასობაში მარტინი დაწინაურდა. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელად დაინიშნა… ადგილობრივ ეკლესიაში კი ეპისკოპოსიც გახდა.
მარტინმა და მიშელმა ერთად 30 წელი იცხოვრეს. თუმცა, ეს წლები არც ისე მშვიდად მიმდინარეობდა. მეუღლეები ხშირად ჩხუბობდნენ. როდესაც კლინიკის დირექტორი გახდა, სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებდა ცოლთან და ამას მიშელი აპროტესტებდა. მამაკაცს არაერთი პარალელური რომანი ჰქონდა. ბოლოს ყველაზე სერიოზულად 30 წლის ასისტენტით, ჯიპსი უილისით დაინტერესდა.
2007 წელს მარტინმა ცოლს მოსთხოვა, რომ სახის გაახალგაზრდავების პროცედურები ჩაეტარებინა, რადგანაც მისი კანი ისე სუფთად აღარ გამოიყურებოდა, როგორც სხვა ქალების…
მიშელმა იცოდა, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და მეუღლეს უტხრა, რომ ჯერ ამ მიმართულებით უნდოდა მკურნალობა. თუმცა, მარტინი ყოველ ჯერზე მიუთითებდა, რომ მას ახალგაზრდა ცოლი უნდოდა…
ვიდრე ოპერაცია დაიგეგმებოდა, ქალი ექიმებმა მოსალოდნელი გართულებების შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილეს და სპეციალურ დოკუმენტებზეც მოაწერინეს ხელი. თუმცა, მიშელი ქმრის შენარჩუნების სურვილის გამო მზად იყო, ამ რისკზე წასულიყო…
პროცედურის ჩატარების შემდეგ, მარტინმა დაჟინებით მოითხოვა, რომ ქალისთვის არა მხოლოდ სტანდარტული სამკურნალო საშუალებები, არამედ 2 დამატებითი პრეპარატი გამოეწერათ. კაცი ამბობდა, რომ მის სწორად მიღებასა და დოზირებას თავად გააკონტროლებდა.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მეორე დღესვე მიშელი კლინიკიდან გაწერეს. თავიდან თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ როცა მედიკამენტების მიღება დაიწყო, ჯანმრთელობა მკვეთრად გაუუარესდა.
2007 წლის 6 აპრილს მიშელმა თავის ქალიშვილს, ალექსისს ეს სიტყვები უთხრა:”თუ რამე დამემართება, დარწმუნდი, რომ ეს მამაშენმა არ გააკეთა.”
5 დღის შემდეგ მიშელი გარდაიცვალა. ეს ოჯახისთვის ძალიან დიდი შოკი იყო, მაგრამ მარტინს დაკრძალვაზე ცრემლი არ გადმოვარდნია… წყვილის ორი უფროსი ქალიშვილი – 28 წლის რეიჩელი და 24 წლის ალექსისი გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამ ყველაფერში მამა იყო დამნაშავე. პოლიცია კი იმეორებდა, რომ გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულის გაჩერება გახდა.
მიშელის გარდაცვალებიდან 2 კვირის შემდეგ მარტინმა სახლში საყვარელი, ჯიპსი უილისი მიიყვანა. თუმცა, პირველ ჯერზე შვილებს უთხრა, რომ ის მათი ძიძა იქნებოდა…
ალექსისი, რომელიც სამედიცინოზე სწავლობდა, დარწმუნებული იყო, რომ მამა დედას წამლის ზედმეტ დოზას აძლევდა, მაგრამ ამ ფაქტს ვერაფრით ამტკიცებდა. მან და რეიჩელმა გუბერნატორს წერილიც კი მისწერეს, რომ გამოძიება თავიდან დაეწყოთ. როდესაც მამამ ამის შესახებ გაიგო, განრისხდა და უფროსი ქალიშვილები სახლიდან გაყარა…
დების ექვსთვიანი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, პოლიციამ მარტინის თაღლითობები საბოლოოდ გაარკვია. პატარა გოგონამ, ადამაც თქვა, რომ როდესაც მიშელი სააბაზანოში გულწასული ნახა, მარტინი მასთან დასახმარებლად მაშინვე არ გაქცეულა. მან სასწრაფო დახმარება მაშინ გამოიძახა, როცა უკვე აზრი აღარ ჰქონდა…
დასკვნის მიხედვით ცნობილი გახდა ისიც, რომ ქალი წამალს არასწორი დროითა და დოზით იღებდა, რამაც გულის გაჩერება გამოიწვია. მარტინი და ჯიპსი დააკავეს და თავდაპირველად ბრალიდოკუმენტების გაყალბებაში დასდეს. შემდეგ კი გაარკვიეს ისიც, რომ მამაკაცი ცოლს წამლის დოზებს არასწორად აძლევდა, რაც მისი გულის დაავადებისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. დადგინდა ასევე ისიც, რომ საბედისწერო დღეს მეუღლეს მედიკამენტის მომაკვდინებელი დოზა მისცა, სამსახურში წავიდა, შემდეგ კი ადას გაუარა სკოლაში. სახლში მისულმა აღმოაჩინა, რომ ქალს გონება ჰქონდა დაკარგული, მაგრამ მის გადასარჩენად არაფერი გაუკეთებია.
პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე:
მარტინი დაჟინებით მოითხოვდა მეუღლისთვის მედიკამენტების დანიშვნას, რადგან იცოდა, რომ ისინი შეიძლება საშიში ყოფილიყო მისი ავადმყოფობისთვის.მან საყვარლისთვის ყალბი დოკუმენტები გააკეთა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მასთან ერთად გაქცევას გეგმავდა.
2014 წლის 19 სექტემბერს ნაფიცმა მსაჯულებმა გახმაურებულ საქმეზე განაჩენი გამოაცხადეს და მარტინს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის შემდეგ კი, მარტინის ქალიშვილმა, ალექსისმა თქვა, რომ მამამ ის გააუპატიურა… მამაკაცს დამატებით 15 წელი მიუსაჯეს.
კაცმა ციხეში თავის მოკვლა ორჯერ სცადა. 2017 წელს კი მისი გეგმა წარმატებით დასრულდა.
წყარო: mshoblebi .ge