ნახევარი საათი ყვიროდა ბავშვი, ვერავინ გაიგო”- ლიფტში 12 წლის გოგონა გაიჭედა,სად მოხდა შემთხვევა.
რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ლიფტში 12 წლის გოგონა გაიჭედა.
როგორც ბავშვის ბებია, ნანული ნებიერიძე “ინფო რუსთავს” უყვება, გოგონა ლიფტში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყო გაჭედილი, საიდანაც სამაშველო სამსაურმა გამოიყვანა.
“ბავშვი იჯდა ნახევარი საათი ლიფტში, ყვიროდა და ვერავინ ვერ გაიგო. რომ მოვედი და ბებოო ყვიროდა, მეც მივვარდი და მეზობელიც გამოვარდა. დაურეკავთ სამაშველოსთვის, მოვიდა და გამოიყვანეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის. საშიშია, ან მოგვხედონ და გაგვიკეთონ, ან საერთოდ დაგვილუქონ იმიტომ, რომ ბავშვი არ შევიდეს.
სასწრაფო დახმარებაც იყო, ბავშვი ნახეს, გასინჯეს და დააწყნარეს. მე-3 და მე-4 სართულებს შორის იყო გაჭედილი, მეხუთზე ადიოდა. სამაშველომაც ძლივს გამოიყვანა.
მეზობლები გუშინაც გაჭედილან. შესვლა არ შეიძლება, იქნებ დახმარება გაგვიკეთონ რამე”, – აცხადებს ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრები.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის რუსთავის მერიას დავუკავშირდით.
“შეისწავლიან რა მდგომარეობა აქვს ლიფტს, რა სახის რემონტს საჭიროებს და გაკეთდება აუცილებლად, როგორც კი დადგინდება, რა სახის დაზიანებაა.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ კორპუსში სადარბაზოს რემონტი მიმდინარეობს. ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ახალი ლიფტიც გაკეთდება, ისევე, როგორც სხვა კორპუსებში. ახალი ბიუჯეტი იქნება მომავალი წლიდან და მოეწყობა ახალი ლიფტიც”, – აცხადებენ მერიაში.