“სასწრაფოს უკვე გარდაცვლილი დახვდა, ეტყობა…”, – რა ინფორმაცია ვრცელდება წალენჯიხის გარდაცვლილ მერზე
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ 54 წლის ასაკში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა. ის დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
AMBEBI.GE ხარჩილავას მოადგილეს თამარ ბელქანიას ესაუბრა:
– ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. დიდი დანაკლისია გია ხარჩილავას გარდაცვალება მთელი საქართველოსთვის. ის იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან განათლებული, თავის სამშობლოზე გულანთებული ადამიანი. ქვეყანამ დაკარგა კაცი, რომლის მთავარი ღირებულება იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ძალიან ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო, ის არ იყო მარტო ჩემი მეგობარი. ის არ იყო მხოლოდ წალენჯიხის მერი, ის იყო ჯარისკაცი, ქვეყნის სამსახურში.
07:15 საათზეა გარდაცვლილი. სამწუხაროდ სასწრაფომაც ვერ მოუსწრო, რომ მოვიდა სასწრაფოს ბრიგადა, უკვე გარდაცვლილი დახვდათ. სავარაუდოდ თრომბი, სხვას ვერაფერს ვიტყვი. ეტყობა ცუდად იგრძნო თავი, წამომჯდარი ყოფილა და უცებ გარდაიცვალა
წყარო: ამბები