
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში ადამიანთა ჯგუფს შორის დაპირისპირებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა – “გურიის მოამბის” ინფორმაციით, ეს იყო “ქურდულ გარჩევა”, რომელშიც, სავარაუდოდ, პოლიციელიც მონაწილეობდა, რასაც შსს-ში კატეგორიულად უარყოფენ.
შემთხვევა, ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე მოხდა.
აი, რას მოუყვა ambebi,ge-ს ადგილობრივი ანონიმურად:
“როგორც მე ვიცი, ინციდენტს წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მოხდა. აწ გარდაცვლილ ბაგრატ შარაშიძეს ოზურგეთში მარკეტი ჰქონდა. მის შვილიშვილს რამდენიმე დღის წინ კონფლიქტი მოუხდა თანატოლებთან. რამდენიმე დღის შემდეგ, ბიჭები საქმის გასარჩევად მდ. ბჟუჟის პირას, ოზურგეთის განაპირა მხარეს შეხვდნენ. ბაგრატ შარაშიძე შვილიშვილს ახლდა, მეორე მხარეს კი წარმოადგენდა, ერთ-ერთი ძალოვანი უწყების – ან შსს-ს, ანac სუს-ის თანამშრომელი. როგორც ამბობენ, შარაშიძეს აიძულებდნენ, პოლონეთში მცხოვრები ოზურგეთელი კანონიერი ქურდისთვის დაერეკა. რადგან ბაგრატმა ეს არ მოისურვა, ამიტომ მას ცეცხლსასროლი იარაღის ტარი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა და მერე ჰაერში გაისროლეს. ბაგრატს სტენტირება ახალი გაკეთებული ჰქონდა და კონფლიქტის შედეგად, სავარაუდოდ, გულმა ვერ გაუძლო, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. ჩემი ინფორმაციით, დამნაშავე – დიდი ალბათობით, ეს თანამშრომელი დაკავებულია”, – გვიყვება წყარო.
ჩვენ დავუკავშირდით შსს, როგორც პრესცენტრში გვითხრეს, ქურდულ გარჩევას ადგილი არ ჰქონია, კონფლიქტში კი არა შსს-ს, არამედ სხვა უწყების თანამშრომელი მონაწილეობდა.
მათივე თქმით, ოფიციალურ განცხადებას მომხდარზე მალე გაავრცელებენ.
წყარო: ambebi,ge



