ახალი ამბები

„ერთ ბიჭს მომაკვდავი ბავშვი აუყვანია ხელში, თავადაც შოკში ყოფილა და მერე ის ბიჭიც საავადმყოფოში გადაიყვანეს… არ ვიცი, რა ეშველება ანას უფროს გოგონას, რაღაც უცნაურად იქცევა“ – გორის ტრაგედიის სრულიად ახალი დეტალები

გორის ცენტრში 13 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჯიპის ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ანა ბერიანიძეს და მის 3 წლის გოგონას – მართა ვალიშვილს დაეჯახა. დაშავებული ქალი იქვე დაიღუპა, მისი მცირეწლოვანი შვილი კი კლინიკაში.

ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარუდგინეს – “ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”. 35 წლის რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც დედა-შვილი იმსხვერპლა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

“ანა რვა წლისა დაობლდა და, ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია… იმ დღეს მეუღლესთან ერთად წავიდა ქალაქში, ახალი ბინა იყიდეს და ნივთებს ალაგებდნენ. იქიდან რომ ბრუნდებოდნენ, ქმარი სალონში შევიდა, ანა კი ბავშვისთვის რაღაცის საყიდლად მართასთან ერთად მაღაზიისკენ წავიდა. იმ საღამოს გორის სკვერში კონცერტი იყო და ნახევარი ქალაქი არასწორად გადაკეტეს. იმ ადგილზე, სადაც ტრაგედია მოხდა, ხუთი მხრიდან შედიოდნენ მანქანები, კონცერტი ამაღლებულ ადგილზე იყო, ხალხი მანქანებით გადაადგილდებოდა. გზა არ იყო სრულად გადაკეტილი და მძღოლების უმრავლესობა ვერ იგებდა, საით უნდა წასულიყო, წრეს არტყამდნენ, რომ როგორმე გასულიყვნენ, იქვე პოლიციაც ტრიალებდა…

კაცს 225 ჯარიმა რომ ჰქონდა გამოწერილი და “ლუკოილიდან” ნატახტრის შესასვლელამდე 16 წუთში სამი ჯარიმა რომ მიუვიდა, რანაირად ჩავიდა ადგილზე? პირველი ხომ არ იყო ელიზბარაშვილის თარეში ქალაქში? ჯერ მარტო 25 000 ლარამდე ჯარიმა ჰქონია გადახდილი დარღვევებისთვის. გასულ წელს რესტორანში პოლიციელს იარაღის ტარი ურტყა თავში.

ასაც 9 და 12 წლის შვილები ჰყავდა მანქანაში. თვითმხილველები ამბობენ, ისინი მანქანიდან გადმოხტნენ და გაიქცნენო. მძღოლიც გაიქცა. ახლა ამბობენ, თითქოს ადგილზე აიყვანეს, არადა, პატრული გამოეკიდა და სახლში აიყვანეს. ამ ადამიანმა საკუთარი შვილები არ დაინდო, ისეთი სტრესი მიიღო უმცროსმა შვილმა, თურმე ვერ ლაპარაკობს.

მისი ცოლის მშობლები ჩემი მეგობრები არიან, დაღუპული ჰყავდა ოჯახი, ნარკომანმა სახლ-კარი გააყიდვინა, თამაშობდა, სრული გარეწარია. ამბობენ, რომ ალკოტესტში ალკოჰოლი ამოუვიდა, სხვებმა თქვეს, რომ სასმელთან ერთად მოწეულიც ჰქონდა.

დღეს მითხრეს, რომ მანქანაში ოთხი ბავშვი იჯდა – ორი თავისი და ორი დისშვილი. ჯიპის უკან წითელი მანქანა ჩანს კადრში, ეს ცოლი მისდევდა მათ, ვინაიდან მთვრალები იყვნენ. ავარიის მერე ეს ბავშვები იმ წითელ მანქანაში სხდებიან. ხან ამბობენ, საჭესთან ელიზბარაშვილის 12 წლის შვილი იჯდაო, ხან დისშვილი და ეს იბრალებსო.

გორში კონცერტი ახალი დამთავრებული იყო და მთელი ქალაქი იქ ყოფილა. თვითმხილველებიც შოკში იყვნენ. ერთს ტანსაცმელი გაუხდია და ისე დარბოდაო, მეორესაც რომ ვერაფერი მოუფიქრებია, მომაკვდავი ბავშვი აუყვანია ხელში და ტვინი რომ გადმოდიოდა, თურმე თავზე აჭერდა ხელს… შოკურ მდგომარეობაში ყოფილა და ის ბიჭიც საავადმყოფოში გადაიყვანეს…

არ ვიცი, რა ეშველება ანას უფროს გოგონას – 17 წლის ლიზის, რაღაც უცნაურად იქცევა და ღმერთმა ქნას, თავს არაფერი აუტეხოს. ლიზა ოთხ ენაზე ლაპარაკობს, მათ შორის იაპონურად, უცხოეთში უნდა გაეგრძელებინა სწავლა. ანას მეუღლე უპატიოსნესი მშრომელი ბიჭია. დაიქცა მოსიყვარულე და ტკბილი ოჯახი. მკვლელს რანაირი მფარველებიც არ უნდა ჰყავდეს, არ არსებობს, ვერ გამოძვრება”, – აღნიშნა “კვირის პალიტრასთან” გარდაცვლილი ანა ბერიანიძის ბიძაშვილი ირმა ამბარდნიშვილი.

“კვირის პალიტრა” 

Back to top button