
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ტიბაანში მოხდა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ოთხ ადამიანს იმ დროს შეეჯახა, როცა ისინი ტროტუარზე იდგნენ. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან” წერს, დაღუპული სოფელ ტიბაანის მკვიდრი, 37 წლის ნიკა ხატიაშვილია.
ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხატიაშვილი თბილისში მუშაობდა და მანქანებს შლიდა.
როგორც გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” ადგილობრივებმა უთხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა 4 თანასოფლელი დაბადების დღიდან ბრუნდებოდა.
ახალგაზრდები სოფლის ცენტრში, მცირე ზომის მაღაზიასთან შეჩერდნენ, მათ მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახათ.
ნიკა ხატიაშვილი ადგილზე დაიღუპა, სამი მამაკაცი კი დაშავდა. სხეულის სხვადასხვა ტრამვებით, ისინი წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან ერთი, მკურნალობას თბილისში აგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიაში მონაწილე მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
წყარო: resonancedaily. com



