
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მომხდარი ავარია დიდი ტრაგედიით დასრულდა – მას 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო კიდევ სამმა ადამიანმა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არიან გარდაცვლილი ბავშვის მამიდა, მამიდაშვილი და მამიდის დედამთილი. როგორც ირკვევა, მამიდას ძმისშვილი სახლში მიჰყავდა და ყველანი ერთად ფეხით გზაზე გადადიოდნენ, როცა მათ მიკროავტობუსი დაეჯახა.
“ბავშვი იყო მამიდასთან ერთად. თვითონ მამიდა 5 თვის ორსულია, მამიდას და მამიდის დედამთილს ჰყავდათ თან ორი ბავშვი, სანი და მისი მამიდაშვილი. ყველანი ერთად გზაზე გადადიოდნენ, იმ გზაზე ზებრა არ არის და მათ მიკროავტობუსი დაეჯახა.
ბავშვის მამიდას თავზე აქვს ტრავმა, ყველაზე მძიმედ არის მამიდის დედამთილი, მას ერთი ოპერაცია ჩაუტარდა და ამბობენ, რომ კიდევ დასჭირდება მეორე ოპერაციის ჩატარებაო”, – ამბობს ოჯახის ახლობელი “კვირის პალიტრასთან” საუბარში.
ადგილობრივების თქმით, ტრაგედიის ადგილი და მიმდებარე ქუჩა ძალიან სახიფათოა და, თურმე, იქ ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.
“სადაც ტრაგედია მოხდა, იქვე ახლოს ვცხოვრობ, ძალიან ცუდი ადგილია. ზოგადად მთლიანად ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, თავიდან ბოლომდე მოსაწესრიგებელია, არც ერთ ადგილას არ არის წესიერად ზებრა გადასასვლელი გაკეთებული, არც შუქნიშანია წესიერად და არც გზის ბარიერები, რომ მანქანებმა ნელა იმოძრაონ. ეს აუცილებლად მისახედია და ამიტომ ხდება ამდენი ავარიები.
გადასასვლელთან, იქვე, მოსახვევია და დიდი სისწრაფით რომ მოდიან მანქანები, მძღოლები საჭეს ვერ იმორჩილებენ. სხვა დროსაც ბევრჯერ მომხდარა ამ მონაკვეთში ავარიები. ზუსტად არ ვიცი, რა იყო ამ დიდი ტრაგედიის მიზეზი, მაგრამ ასე თქვეს – მიკროავტობუსის მძღოლს მუხრუჭმა უმტყუნა და საჭე ვერ დაიმორჩილაო. საუბედუროდ, ბავშვი ადგილზე დაიღუპა.
რაღაც ზომები უნდა მიიღონ, რომ ქუჩაში გადაადგილების არ გვეშინოდეს. ბავშვებს სკოლაში მარტო ვერ ვუშვებთ სწორედ ამ სახიფათო გზების გამო. ან პატრული დადგეს, ან შუქნიშანი გააკეთონ, რამე ზომები უნდა მიიღონ, რომ გადაადგილება უსაფრთხოდ შევძლოთ.
ეს ამბავი დღისით მოხდა, მაგრამ ღამითაც სასწაული ხდება, გარეგანათებებიც საერთოდ არ არის და ადამიანი რომ გადადის გზაზე, მძღოლისთვის რთული აღსაქმელია”, – ამბობს ადგილობრივი.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზად მანქანის გაუმართაობა დასახელდა, კიდევ ერთი ვერსიით – სიჩქარე.
“ამბობენ, მგზავრები ჩამოსვა მძღოლმა და დაძვრის დროს რაღაც მოხდა და ვეღარ დაიმორჩილა მიკროავტობუსიო. მძღოლს ვიცნობ, კარგი ადამიანია, მაგრამ ამგვარი უბედურებისგან არავინ არის დაზღვეული. თავს არ აპატიებს ამ ამბავს. წარმომიდგენია, რა დღეში იქნება ის, თუმცა გარდაცვლილის მშობლებზე მძიმე მდგომარეობაში არავინ არის დღეს. ძალიან დიდია მათი ტკივილი, სიტყვები არ მყოფნის. მშობლებს შვილი არ უნდა უკვდებოდეს”, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ამ ვერსიას კიდევ ერთი ადგილობრივი ადასტურებს.
“ჩემი მაღაზიის წინ მოხდა უბედურება… მძღოლმა გააჩერა, მგზავრები ჩამოვიდნენ და დაძვრისას რაღაც მოხდა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა. მძღოლი იქვე ჩაბარდა პოლიციას”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
წყარო: კვირის პალიტრა


