
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ენაგეთში, ალიხანაშვილების საცხოვრებელ სახლში უმძიმესი დანაშაული მოხდა. როგორც ირკვევა, ძმებს შორის დაწყებული შელაპარაკება სისხლისღვრით დასრულდა. ძმამ საკუთარი ძმა ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით მოკლა, რის შემდეგ თვითონ დარეკა პოლიციაში და სამართალდამცავებს ჩაბარდა.
სამართალდამცავებმა ძმის განზრახ მკვლელობის ბრალდებით შაქრო ალიხანაშვილი უკვე დააკავეს. მას უვადო პატიმრობა ემუქრება. მომხდარის დეტალები სამართალდამცავებმა უკვე გააჟღერეს.
“კვირის პალიტრასთან” ადგილობრივი მომხდარის დეტალებზე საუბრობს:
“ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა. ძმები ალიხანაშვილები მარტო ცხოვრობდნენ სოფელ ენაგეთში, დაოჯახებულები არ არიან. ეს სოფელი ასურეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. ძმების მეზობლად ახლოს არავინ ცხოვრობს, დაკეტილი სახლებია. მათ ძალიან უჭირდათ ეკონომიურად, არიან სოციალურად დაუცველები. ვიცით ის, რომ შაქრომ მოკლა საკუთარი ძმა ვანო. რატომ გაიმეტა ძმამ ძმა მოსაკლავად, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მათ შორის იმ ღამით ჩხუბია მომხდარი.
მკვლელობაში ბრალდებულია შაქრო ალიხანაშვილი, ხოლო მოკლულია ვანო ალიხანაშვილი. მათი ზუსტი ასაკი არ ვიცი. მგონი 50 წლამდეა ბრალდებული. მოკლული ვანო, უფროსი იყო, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ავადმყოფი ბიჭი იყო. მხედველობა არ ჰქონდა და ძმა უვლიდა ხოლმე. ვანო სახლიდან გარეთ არ გამოდიოდა, მეზობლებიც გაკვირვებულები არიან მომხდარით და ამბობენ, რომ მათ შორის კონფლიქტზე ინფორმაცია არ აქვთ. როგორც ვიცით, მთვრალი იყო ბრალდებული, ჩხუბი მოსვლიათ და შაქროს ძმისთვის თავში ჩაურტყია რაღაც საგანი, ტაფის თავსახური, თუ რაღაც მსგავსი საგანი. ბლაგვი საგნით აქვს მისთვის მიყენებული სხვადასხვა დაზიანებები, მერე თავისი ხელით ჩაუწვენია ლოგინში თავისი ძმა. ეტყობა იფიქრა, რომ სასიკვდილო არაფერი სჭირდა. ამბობენ, რომ თავში მიყენებული დაზიანებების შედეგად ტვინში გაჟონვა მოხდა და მიყენებული დაზიანებებით ვანო გარდაიცვალა. დაზიანების მიყენებისთანავე რომ დაერეკა სასწრაფოსთვის იქნებ გადაერჩინა, მაგრამ ეტყობა იფიქრა, რომ სასიკვდილო არაფერი სჭირდა, დააწვინა დაშავებული ძმა ლოგინში და დაწვა თვითონაც თურმე და დაიძინა. გამთენიას ეტყობა რომ ნახა მისი ძმა, უკვე გარდაცვლილი იყო, ამის შემდეგ დაურეკავს 112-ში და უთქვამს რაც ჩაიდინა. სახლში მისულ სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია გარდაცვლილისთვის და ექსპერტი იტყვის ყველაფერს. ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ ჩაარტყა და მიაყენა დაზიანებები, მერე თავისი უსინათლო ძმა დააწვინა საწოლში, იმ წუთში არ გარდაცვლილა. იმასაც ამბობენ, მერე თვითონაც დაწვა და დაიძინა, გამთენიას კი ნახა გარდაცვლილი ძმა და მერე გამოიძახა პოლიციაო. ძალიან მძიმე ამბავია. სოციალურად დაუცველები იყვნენ, მოკლული სულ სახლში იყო და მეორე ძმა უვლიდა. ფიზიკურად შრომობდა შაქრო, თუ რამე სამუშაო გამოჩნდებოდა სახლის გადახურვაზე, ან მსგავსი, იქ დაჰყავდათ ბიჭებს და მუშაობდა ფიზიკურად. რატომ მივიდნენ ამ მდგომარეობამდე ამ დღეს მართლა არ ვიცი. პოლიცია უფრო იტყვის ამ დეტალებს. როგორც ვიცით, აღიარა დანაშაული და ჩვენებაც მისცა. ამ ბიჭებს ჰყავთ დედმამიშვილები, მაგრამ როგორც ვიცი, ისინი სოფელში არ ცხოვრობდნენ. მამა დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყავთ, დედა ერთი წელიც არ არის გასული, რაც გარდაიცვალა. რაიმე ფსიქიკური პრობლემა რომ ჰქონდა ბრალდებულს, მსგავსი არ გამიგია, მაგრამ ასეთ უმძიმეს დანაშაულს რომ ჩაიდენს ადამიანი იმას ფსიქიკის პრობლემა რომ აქვს, ესეც ხომ ცხადია. ალბათ ჩაუტარდება მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მეტი დეტალი ძალოვნებს ეცოდინებათ, როგორც ვიცი, მან დანაშაული აღიარა. რა მოხდა სინამდვილეში პოლიციამ უფრო იცის.”, – ამბობს “კვირის პალიტრასთან” ადგილობრივი.



