„სამი ამოსვენებულიდან არიან ნიაკო, დედამისი და ბებია…“ – ტრაგედია ბაღდათში
ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
მათ შორის, ვისაც ეძებენ, არის მამა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ბავშვების დედა ემიგრაციაშია წასული.
„პრაიმტაიმს“ გარდაცვლილი გოგოს ახლობელი უყვება, რომ ოჯახის სამი წევრი ამოასვენეს და ისინი პროზექტურაში გადაასვენეს.
„მე როგორც მაქვს ინფორმაცია სამი ამოსვენებული ვინც არის, არიან ნიაკო რობაქიძე, დედამისი მაია და ბებია. მამა კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მაია ჩეჩელაშვილი არის ნიაკოს დედა და ასევე არის გულიკო რობაქიძე, ბებია.“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა.