გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი სოპრანო მედეა ამირანაშვილი
ქართული საოპერო სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლი და სახალხო არტისტი მედეა ამირანაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარულ სოპრანო, ქალბატონ მედეა ამირანაშვილი” – კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი.
ცნობილი მეცოსოპრანოს გარდაცვალებას ეხმაურება ქართველი საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილიც:
“ჩვენი ძვირფასი და უდიდესი ქართული ოპერის ვარსკვლავი მედეა პეტროვნა ამირანაშვილი გარდაიცვალა. ეს ფოტო გადაღებულია მასთან სახლში ჩვენი წარმოდგენის “ნაბუკოს” შემდეგ. რა კარგი დრო იყო და რა კარგად გამოიყურება ქალბატონი მედეა. გიგა ლორთქიფანიძე მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მიდიან კორიფეები და მხოლოდ სიცარიელე რჩება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მედეა პეტროვნას სული. ვიზიარებ ოჯახის დიდ მწუხარებას. მედეა ამირანაშვილის დაკარგვა მართლაც დიდი დანაკლისია საოპერო სამყაროსთვის” – წერს ქავთარაშვილი.
მედეა ამირანაშვილმა 1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, რის შემდეგ იყო ამ თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის “დაისი” და “აბესალომ და ეთერი”), მზია (თაქთაქიშვილის “მინდია”), ლელა (ლაღიძის “ლელა”), ტატიანა (ჩაიკოვსკის “ევგენი ონეგინი”), ზემფირა (რახმანინოვის “ალეკო”), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970).
მედეა ამირანაშვილი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია. ამირანაშვილს 2016 წელს ვარსკვლავი ოპერის წინ საზეიმოდ გაუხსნეს.
წყარო: ამბები