“თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე… სიკვდილამდე მიდის მათი საქმე” – ახალშენის სკოლის დირექტორი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე
ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ფერიდე შაინიძე ქმრის მიერ მოკლულ ქალთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, “თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე… სიკვდილამდე მიდის მათი საქმე” – აღნიშნულმა კომენტარმა სოციალური ქსელის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.
“მეტრონომმა” ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, გამოკითხა, როგორც განათლების სამინისტრო, ასევე თავად დირექტორი და გთავაზობთ სკანდალური ამბის დეტალებს:
“მეტრონომი” დაუკავშირდა სკოლის დირექტორს, ფერიდე შაინიძეს, რომელმაც სამუშაო საათებში დაგვიდასტურა, რომ ნამდვილად იკავებს აღნიშნულ თანამდებობას, ასევე მან დაადასტურა, რომ კომენტარი, რომელიც ქმრის მიერ მოკლული ქალის ფოტოზე დაწერა, მას ეკუთვნის და საუბარში განმარტა, რომ ის არამარტო მოკლულ ქალბატონს, არამედ ყველა “თავშიავარდნილ ქალს” ეხება.
“მეტრონომი” დაუკავშირდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელსაც, რომელმაც ნამდვილად დაუდასტურა, რომ შაინიძე ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შუახევის მუნიციპალიტეტში საზარელი მკვლელობა მოხდა. კაცმა ცოლი სასტიკად მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ცოლის მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
წყარო: mix. metronome .ge