მთავრობის გადაწყვეტილებით 100 ათას ლარამდე დაჯარიმდებით თუ… – ვის შეეხება კანონი? – geonewest.com
ახალი ამბები

მთავრობის გადაწყვეტილებით 100 ათას ლარამდე დაჯარიმდებით თუ… – ვის შეეხება კანონი?

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება, რომელიც თევზჭერისა და შავი ზღვის დაბინძურების საკითხებს შეეხება, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც თევზჭერის იარაღის სამოქალაქო ბრუნვას აწესრიგებს. კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილი არეგულირებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გადაცემისა და გასხვისების შემთხვევებს.

აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმა განსაზღვრულია 1000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით. მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენას, რაც გამოიწვევს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი არეგულირებს თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღების საკითხს და აწესებს ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით, ხოლო მე-4 ნაწილი კი განმეორებით ჩადენას, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც საკანონმდებლო პაკეტი შეეხება, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების პრევენციაა.

პროექტის თანახმად, გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 65 000 ლარისა.

კანონპროექტის ავტორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ინიციატორი კი – საქართველოს მთავრობა.

წყარო: https://mix .metronome .ge/

Back to top button