არ ინერვიულოთ, კარგად ვართ”- ვინ არის მამაკაცი, რომელიც თურქი გულშემატკივრის სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა.
18 ივნისს, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი, ისტორიული მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა. მატჩი საბოლოოდ თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა
მთელი მატჩის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლა იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა თავდადება და თავგანწირული თამაში აჩვენეს, თუმცა ყველაფერს უიღბლობაც დაემატა. განსაკუთრებით დაძაბული მატჩის ბოლო წუთები იყო, როცა ჩვენმა გუნდმა შტურმი მოაწყო მეტოქის კართან, თუმცა გოლი არ გასულა. სასწაულად ეხმაურებიან ფეხბურთის უცხოელი გულშემატკივრები ჩვენი ნაკრების მატჩს. აშკარაა, რომ ჩვენი ბიჭების თავდადებამ გულგრილი არავინ დატოვა.
საქართველო-თურქეთის თამაშიდან, სტადიონზე მყოფი ქართველი გულშემატკივრების არაერთი ამაღელვებელი ფოტო გავრცელდა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული მაინც ერთი ფოტოა, რომელზეც თურქი გულშემატკივრების სექტორში, ერთი ქართველის მიერ აფრიალებული საქართველოს დროშა ჩანს.
მეორე დღეა, რაც უცნობ მამაკაცს სოციალურ ქსელში გამბედაობას უქებენ, წერენ, რომ უცნობმა მამაკაცმა გერმანიაში თავისი “დიდგორი მოიგო”. ზოგიერთი მათგანი იმასაც კითხულობს, თუ როგორ გადაურჩა თურქ გულშემატკივრებს
როგორც გაირკვა, დროშიანი მამაკაცი თენგო ჯანაშიაა. ის მატჩზე დასასწრებად, მეუღლესთან ხათუნა დარჯანიასთან და ორ ვაჟთან ერთად საქართველოდან გერმანიაში ჩავიდა.
„არ ინერვიულოთ, კარგად ვართ”, – წერს ხათუნა დარჯანია სოციალურ ქსელში და მეუღლის ფოტოს აქვეყნებს.
დარჯანია-ჯანაშიას ოჯახი თბილისში ცხოვრობს, უფროსი ვაჟი, გიორგი დარჯანია “კომაროველია” და ახლა გერმანიაში სწავლობს. ოჯახი მედიასთან საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა როგორც ოჯახის ახლობელმა მოგვიყვა, თენგო ჯანაშია და ხათუნა დარჯანია უმცროს შვილთან ერთად, გერმანიაში ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად და უფროსი ვაჟის სანახავად ჩავიდნენ. ადგილზე გიორგიც შეუერთდათ და ოჯახი სრული შემადგენლობით თურქი გულშემატკივრის სექტორში აღმოჩნდა.
ახლობელი გვიყვება, რომ რეალურად ოჯახის მიმართ თურქი გულშემატკივარი კეთილგანწყობილი აღმოჩნდა და რომ ნახეს უმცირესობაში იყვნენ, მათთან ერთად ფოტოებსაც კი იღებდნენ.
წყარო: ambebi.ge