“სტადიონზე თურქმა ჩვენს დროშას დააფურთხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა, შემდეგ დამიჭირეს” – რას ჰყვება ცნობილი ფოტოს გმირი
მესამე დღეა დორტმუნდში თურქეთ-საქართველოს მატჩის მიმართ ინტერესი არ წყდება. ჩვენ იმ დღეს მომხდარ მოვლენებზე ყოველდღიურად ვწერთ, მოსახლეობას გაცნობთ გულშემატკივრებს, რომლებიც იმ დღეს ყურადღების ცენტრში მოექცნენ.
ჩვენ უკვე გაგაცანით იმ დღის გმირი, რომელიც საქართველოს დროშას თურქი გულშემატკივრის სექტორში აფრიალებდა, ასევე ქართულ-თურქული ოჯახი, რომელიც სტადიონზე საკუთარ ქვეყნებს გულშემატკივრობდა. ამჯერად თელაველ ვალერი ბოჭორიშვილზე მოგიყვებით, რომელიც დღის გმირად, ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე იქცა.
შეგახსენებთ, რომ თამაშის დაწყებამდე დორტმუნდის სტადიონზე დაძაბული ვითარება იყო, რა დროსაც ქართველ და თურქ გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით ფანებს შორის გერმანული სპეცრაზმი ჩადგა და ვითარებაც განიმუხტა. ერთი ტაიმის შემდეგ კი ორივე მხარეს მყოფი გულშემატკივრები დააკავეს.
ვალერი ბოჭორიშვილის ფოტომ, სადაც კახელი ფანის მოღერებული მუშტი ჩანს თურქი გულშემატკივრის მიმართ, ორი დღის მანძილზე მსოფლიო მედიები მოიარა. რა მოხდა გულშემატკივართა რიგებში და რატომ დაიწყო ჩხუბი, მთავარი გმირი გერმანიიდან გვიყვება.
– თელავიდან-გერმანიაში მატჩზე დასასწრებად ხუთი მეგობარი მანქანით წავედით. 13-ში ღამე 12 საათზე გამოვედით და 17-ში უკვე გერმანიაში ვიყავით, ქალაქ ესენში. აქ დავბინავდით, იქამდე კი გამოვიარეთ თურქეთი, ბულგარეთი, სერბეთი, უნგრეთი, ავსტრია და შემოვედით გერმანიაში. 18-ში დილას, თამაშის დღეს დორტმუნდში მატარებლით წავედით, აქედან დაახლოებით 30 კილომეტრია. უესტ პარკში ქომაგებთან ერთად შევიკრიბეთ, გავერთეთ, ცოტა ლუდი დავლიეთ, ვიმხიარულეთ, თამაშისთვის განწყობას ვიქმნიდით. შემდეგ მატჩზე მსვლელობით წავედით.
– რა მოხდა სტადიონზე შესვლის შემდეგ?
– როდესაც სტადიონზე შევედით, ის სექტორი, სადაც ქართული სპორტის ქომაგები უნდა ვყოფილიყავით, რამდენიმე ადგილი თურქებს ჰქონდათ დაკავებული. რაც შეცდომა იყო, არ ვიცი, ვისი მხრიდან, უეფასი თუ ვინმემ გადაყიდა ბილეთი და თურქებს მიყიდა, ვერ გეტყვით. ფაქტია იქ იყვნენ. რამაც თავიდან პატარა დაპირისპირება გამოიწვია.
აღმოჩნდა, რომ გვერდით სექტორზეც მთლიანად თურქები იყვნენ, სადაც როგორც წესი, რეგლამენტით და ბილეთებით იქაც ქართველები უნდა ყოფილიყვნენ. მეზობელი სექტორიდან ჩვენი მისამართით იგინებოდნენ, თუმცა ჩვენც არ დავაკელით. იყო შეურაცხყოფები, რაღაცებს ისროდნენ, ლუდის ქილებს, დროშის სამაგრ პატარა ჯოხებს. ჩვენც აქედან ვაყენებდით შეურაცხყოფას. მერე უცებ ერთ-ერთმა თურქმა ჩვენს პატარა დროშას შეურაცხყოფა მიაყენა. კონკრეტულად ზედ დააფურთხა. რამაც გამოიწვია ეგ ყველაფერი.
– ფიზიკური დაპირისპირება ამის შემდეგ დაიწყო?
– დიახ, მანამდე თუ თავს ვიკავებდით და შორიდან მიდიოდა ეს ყველაფერი, მერე უკვე ვეღარ მოვითმინეთ და ვერც ვერავინ მოითმენდა. ახლოს მივედით და დაიწყო ჩხუბი. სიმართლე რომ გითხრათ, დიდი ჩხუბი არც ყოფილა. მარტივად დაწყნარდა იქაურობა. რობოკოპები შემოვიდნენ და ჩვენს შორის ჩალაგდნენ და ახლოს აღარ გვიშვებდნენ ერთმანეთთან. პირველი ტაიმი რომ დასრულდა, შესვენების დროს სტადიონის ფოიეში გამოვედი, იქ იდგნენ რობოკოპები, წამავლეს ხელი და წამიყვანეს, დამიჭირეს.
ყველას სურათი და ვიდეო ჰქონდათ, ვინც ჩხუბში მონაწილეობდა. ამომიცნეს და წამიყვანეს. ჯერ სტადიონის პატარა განყოფილებაში ვიყავით ჩაკეტილები. პოლიციელები საკმაოდ კარგად გვექცეოდნენ. არანაირი უხეშობა არ ყოფილა. ასევე ქართველებსაც გვიჭერდნენ და თურქებსაც. უბრალოდ, თურქებს ძალიან მარტივად უშვებდნენ.
სადღაც ერთ საათში ყველა თურქი გაუშვეს, ჩვენ რვა ცხრა საათი მაინც ვიყავით. შემდეგ განყოფილებაში გადაგვიყვანეს, სადაც სხვადასხვა პროცედურები გაგვატარეს. უამრავი კითხვა დაგვისვეს, მოგვიყვანეს თარჯიმანი, რაღაცებზე ხელი მოგვაწერინეს და პროცესი ძალიან გაიწელა. საბოლოოდ, ღამის ორი სამი საათისკენ გამოგვიშვეს განყოფილებიდან.
იქაც საკმაოდ კარგი პოლიციელები იყვნენ, ყველაფერს გვთავაზობდნენ, წყალს, საჭმელს, მაგრამ ყველანაირი ფოტო-ვიდეო მასალა ჰქონდათ და ასე მარტივად ვერ წახვალთო. ანაბეჭდები აგვიღეს, ალკო და ნარკო ტესტზე შეგვამოწმეს, არცერთი არ დამიდასტურდა.
ჩვენი ქომაგები ბიჭები შუაღამემდე გარეთ გველოდებოდნენ, სანამ ყველა არ გამოგვიშვეს. სამი ბიჭი დაგვიტოვეს გვიანობამდე, დანარჩენი კიდევ მარტივად გამოუშვეს.
– ახლა ისევ გერმანიაში რჩებით?
– დიახ, შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით ჰამბურგში ჩეხეთთან. საუბარი იყო იმაზეც, რომ შეიძლება ბანი დაგვადოს უეფამ, ვინც დაჭერილები ვიყავით და სტადიონზე აღარ შეგვიშვან, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები გვაქვს. ეს გასარკვევია ჯერ, არ არის გადაწყვეტილი, რა იქნება 22-ში, ვნახოთ. ამხელა გზა გამოვიარე და იმედია მხოლოდ ერთი ტაიმისთვის არა და ჩეხეთთან მატჩს აუცილებლად დავესწრები.
წყარო: ambebi.ge