
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე – ლიპყინული, მთიან რაიონებში – ზვავსაშიშროება.
„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.
აღსანიშნავია, რომ თოვლის შეწყვეტის შემდეგ, იქნება ძლიერი ყინვა. მაგალითად, დედაქალაქში 21 იანვრის ღამეს მოსალოდნელია -9-10 გრადუსამდე ყინვა, აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ტემპერატურა -12-17 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო მთაში -20 გრადუსს მიაღწევს. დასავლეთ საწართველოს ბარში კი ღამით ტემპერატურა -2-4 გრადუსი იქნება, ხოლო მთაში -8-10.
თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ დღის განმავლობაში ტემპერატურა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში 0-ს ზემოთ იქნება.



