
ეკატერინბურგელი ემიგრანტი, 40 წლის ალექსანდრე კოროვნიკოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში ცხოვრობდა – ტელეგრამ-არხი ASTRA წერს, რომ 1-ელი იანვრის შემდეგ, ახლობლები კოროვნიკოვს ვეღარ უკავშირდებოდნენ. სავარაუდოდ, ის დეკემბრის ბოლომდე საერთო საცხოვრებელში იმყოფებოდა.
კოროვნიკოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი თქმით, ალექსანდრე მოკლული იპოვეს და რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში ცხედრის რუსეთში გადასვენებისთვის მუშაობს.
ალექსანდრე კოროვნიკოვის სიკვდილის ოფიციალური მიზეზი და გარემოებები ჯერ არ გახმაურებულა.
ალექსანდრე კოროვნიკოვი ეკატერინბურგში დაიბადა. მან დაამთავრა ურალის ფედერალური უნივერსიტეტი, მუშაობდა ინჟინრად, ასწავლიდა მოსკოვის ფიზიკისა და ტექნიკის ინსტიტუტში. 2022 წლის შემოდგომაზე ის საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა და მუშაობა თეატრში დაიწყო.




