
ფემიციდის მორიგი შემთხვევა მოხდა გარდაბანში. ახალგაზრდა ქალი ქმარმა, სასტიკად ერთ-ერთ ავეჯის მაღაზიაში მოკლა.
არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს კონფლიქტი მაღაზიაში მოუვიდათ, ამის შემდეგ კაცმა ცოლს დასაკეცი დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დანაშაულში ბრალდებული პოლად ალიევი დაკავებულია.
“ჯერ კარადების ფერზე დაუწყიათ ჩხუბი, მერე ამ გოგოს უთქვამს, მაინც უნდა გაგშორდე და სახლი როგორც მინდა, ისე უნდა მოვაწყოო”, – გვეუბნება წყარო. მისივე ცნობით, მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
- მოკლული 25 წლის ახალგაზრდა ქალი, მარიამ გახოკიძეა. როგორც მისი ახლობელი გვიყვება, “უბნელები ხშირად ამბობდნენ, რომ ქმარი ცოლზე ხშირად ძალადობდა”.
მარი საოცრად კარგი გოგო იყო. ბავშვობიდან ვიცნობდი. ურთულესი ცხოვრება აქვს გამოვლილი. გარდაბანში ცხოვრობდა მისი ოჯახი. დედამისი მარის მამას გაშორებული იყო და სხვა ქმარი ჰყავდა. მასთან ორი შვილი შეეძინა გოგო და ბიჭი. გოგო შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ამიტომ დედამისი 8 წელი იქნება რაც გერმანიაში ცხოვრობს იმ შვილთან ერთად. ჩაბარდა დევნილის სტატუსით, რადგან შვილს გადაადგილება არ შეუძლია. მარიამი პატარა ასაკიდან იყო ძალადობის მსხვერპლი. მასზე მამინაცვალი ძალადობდა, სცემდა. ეს დედამაც იცოდა, მაგრამ დიდი რეაქციები არ ჰქონდა. ამ მოძალადე მამინაცვალს რომ გასცლოდა ამიტომ გაჰყვა ვფიქრობ იმ ბიჭს, ქმარს. ის ქმარი დასდევდა, მოსწონდა მარი და გაჰყვა ცოლად. ქმარი მარიზე ბევრად უფროსია, ეს მისთვის მეორე ქორწინება იყო.
მარის ხშირად ვხვდებოდი, პირველი შვილი რომ შეეძინა, მეუბნებოდა, რომ კარგად იყვნენ და ბედნიერი ჩანდა. მაგრამ მერე შეიცვალა ვითარება. ეს ქმარი ეჭვიანი იყო. ძალადობდა ცოლზე და ხშირად იყო ძალადობის მსხვერპლი ეს გოგო. ბევრჯერ მინახავს დალურჯებული. ბევრჯერ გაქცეულა სახლიდან, იძახებდა ტაქსს და გარბოდა ბებიასთან წალკაში. მერე ისევ რიგდებოდნენ. ბევრჯერ აქვს მიმართული პოლიციისთვის, საქმის კურსში იყო პოლიცია, მაგრამ ეს შემაკავებელი ორდერი არაფერს ცვლიდა. როგორც ვიცი, ქმარს ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა. სულ ქუჩაში, ბირჟაზე იდგა. ძალიან კარგი მშობლები და-ძმა ჰყავს ამ ბიჭს, თვითონ არის მოძალადე და უვარგისი. ბევრჯერ გაატანინეს საჩივარი გარდაბნის პოლიციიდან ამ გოგოს. მარის გარეთაც არ უშვებდა, ბოლო დროს იშვიათად ვხედავდი ეზოში. ახლა რომ ამბობენ მეზობელ წლები ძალადობაო, რატომ არ რეაგირებდნენ მანამდე? ყველამ ხომ იცოდა ეს ამბავი. ცოტა ხნის წინ შევხვდი მის ქმარს და თქვა, მარი აპირებს გერმანიაში წასვლას და თუ წავიდა ჩემი ცოლი, უკან აღარ დაბრუნდებაო. ბოლოს მარი დედამისთან რომ წავიდა, ბოლოს გაშორებულები იყვნენ. არ ვიცი რატო დაბრუნდა მერე.
ინფორმაცია, რომ მკვლელობის დღეს რაღაცას ყიდულობდნენ ერთად არასწორია. მაღაზიაში შეხვდა გუშინ ქმარი და შერიგებას სთხოვა და მარი წინააღმდეგი იყო. ეს გახდა გუშინ ჩხუბის მიზეზი. გაიყვანა საწყობში, იქვე უკან და მიაყენა გოგოს 17 ჭრილობა. მერე ჩაბარდა პოლიციას ეს მკვლელი. ხალხის თვალწინ მოხდა ჩხუბი, რატომ არ მიეშველა არავინ არ ვიცი. ყველას ეშინოდა მისი, რადგან ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და არ იყო ადეკვატური. სულ დალურჯებული დადიოდა ეს გოგო და ეს იცოდა ყველამ” – უყვება AMBEBI.GE-ს მოკლული ქალის ახლობელი.
გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და აღიარებითი ჩვენება მისცა.



