გაირკვა მძღოლის ვინაობა, რომელიც დღეს საპატრიარქოს ეზოში შევარდა და ახლა ამტკიცებს, რომ არაფერი ახსოვს – მანქანა ერთი თვის წინ დაიქირავა… – geonewest.com
ახალი ამბები

გაირკვა მძღოლის ვინაობა, რომელიც დღეს საპატრიარქოს ეზოში შევარდა და ახლა ამტკიცებს, რომ არაფერი ახსოვს – მანქანა ერთი თვის წინ დაიქირავა…

კაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ საპატრიარქოს ეზოში “ტოიოტა პრიუსით” შევარდა, როსტომ მაზმიშვილია.  40 წლამდე მამაკაცი  თაბუკაშვილის პოლიციაშია გადაყვანილი. დაკავებული ირწმუნება, რომ მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს. 

“ტვ პირველის” ცნობით, მაზმიშვილი ნაქირავები ავტომობილით გადაადგილდებოდა, რომელიც ერთი თვის წინ ვებ-საიტიდან იქირავა. 

მანქანის მფლობელი ამ წუთებში შემთხვევის ადგილას იმყოფება და გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. “ტვ პირველი” ესაუბრა ავტომობილის მფლობელის ქმარსაც, რომლის თქმითაც, დაკავებული კაცი ავტომობილის ქირას ყოველდღიურად იხდიდა.

“სახეზეც არ მყავს ნანახი. დაახლოებით ერთი თვეა, რაც ნაქირავები ჰყავს მანქანა.  ვადები არ ვიცი, რამდენი ხანიც უნდა, იმდენ ხანს იტოვებენ. არ ვიცნობ, არც ნანახი არ მყავს. ქირას როგორც ჩანს, ყოველდღიურად იხდიდა, თორემ  ამდენი ხანი ხომ არ გაუჩერებდნენ მანქანას?!”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

საპატრიარქოს თანამშრომლები, რომლებიც მომხდარის თვითმხილველები არიან, ამბობენ, რომ კაცი მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ბოთლებს ისროდა და “ყველას მისამართით ილანძღებოდა”. 

პირდაპირ შევარდა, შეანგრია. ჩვენ შიგნით ვიყავით ოთახებში და იმხელა ხმა იყო გამოვედით… გადმოვიდა მანქანიდან ისროდა ბოთლებს. მერე გავიგეთ, რომ მართლა ფსიქიურად დაავადებულთა დისპანსერში წოლილა. ყველას გვლანძღავდა საერთოდ. დაშავებული არავინაა. კამერის ჩანაწერები ჯერ არ ამოუღიათ”, – ამბობს საპატრიარქოს თანამშრომელი.  

როგორც ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აცხადებს, დაკავებული კაცი “არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს”. 

ინციდენტი საპატრიარქოსთან რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე ახლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დაკავებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: ტვ პირველი

Back to top button