
გუშინ, სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ცნობილია, 21 მაისს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანთან ტრაილერს შეეჯახა ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.
მანქანა, რომელიც ავარიაში მოჰყვა “ბოლო ზართან” კავშირში არ არის, უბრალოდ, ბავშვები, რომლებიც “ბოლო ზარს” აღნიშნავდნენ იქვე იყვნენ და ცნობისმოყვარეობის გამო გაჰყვნენ მათ.
“ამბები” დეტალების გასარკვევად გურჯაანის სოფელ ახაშენის სკოლის დირექტორს დაუკავშირდა:
„ავტომობილი, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა იჯდა ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეები არიან, დაშავებულებს შორის მხოლოდ ერთია არასრულწლოვანი, ის ჩვენი მოსწავლეა, მეათე კლასელი. დანარჩენებმა შარშან დაამთავრეს სკოლა. მეც მივედი შემთხვევის ადგილზე, ოთხი დაშავებული ახალგაზრდა უკვე გადაყვანილი იყო საავადმყოფოში, ერთი, ჩემი მოსწავლე, გადასაყვანი იყო და ის თელავში გადაიყვანეს, შედარებით მსუბუქად იყო.
უბრალოდ ბოლო ზარი რომ იყო, ეს ახალგაზრდები გაჰყვნენ ბავშვების კოლონას, მიყვებოდნენ ცოტა მოშორებით და ამ დროს მოხდა ეს ავარია. გუშინ ამაღლება იყო და დაიცვა უფალმა ისინი. საბედნიეროდ მძიმე დაზიანებები არ აქვთ, ძირითადად, ხელის მოტეხილობები და ერთს აქვს მენჯ-ბარძაყის ძვალი მოტეხილი, ყველა გადარჩა, მადლობა უფალს, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.
ღმერთს მადლობა, რომ რამე ისეთი არ მოხდა. ჩვენი სკოლის მოსწავლეების კოლონა მაქსიმალურად იყო გაკონტროლებული, პატრულიც იყო, ყოველ წუთში დამრიგებელთან კონტაქტი მქონდა და პოლიცია წინ მიუძღოდათ. ეტყობა ესენი რომ დაინახეს, ესენი მანქანით გაჰყვნენ უკან, სკოლის ტერიტორიაზეც ვერ დავინახე მე ისინი. ავარია მომხდარია ვაჩნაძიანში ხიდთან, ბენზინგასამართი სადგური რომ არის და მძიმე სანახავი იყო ემოციურად ჩემთვის ის დამსხვრეული მანქანა, საბედნიეროდ გადარჩნენ”, – განაცხადა გურჯაანის სოფელ ახაშენის სკოლის დირექტორმა ნონა კობიაშვილ-ლიპარტაშვილმა.
წყარო: ambebi.ge



