
14 მაისს, გარდაბანში მომხდარმა უმძიმესმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილზე ემსხვერპლა 7 ახალგაზრდა, მე-8 დაშავებული ახალგაზრდა კი 15 მაისს, კლინიკაში გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულები დღეს დაკრძალეს. ტრაგედიას სოციალურ ქსელში მორიგი პოსტით ეხმაურება გარდაცვლილი ოთხი ახალგაზრდას მასწავლებელი, ჰამიდ ბუკოვსკი.
“გუშინ ღამის პირველ საათზე ჩამოიყვანეს. გარდაბანში 9 დღის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული 8 ახალგაზრდიდან 4 იმდენად იყო დამწვარი ავტომობილის ხანძრის გამო, რომ მათი ცხედრები ექსპერტიზისთვის თბილისში გადაიყვანეს. სწორედ ეს ოთხი ახალგაზრდა ჩემი ყოფილი მოსწავლეები იყვნენ. ცხედრები იმდენად დაზიანებული იყო ხანძრით, რომ მათი იდენტიფიცირება მხოლოდ ექსპერტიზის საშუალებით იყო შესაძლებელი დნმ ანალიზით. ყოველ საღამოს მათ ოჯახებში მივდიოდი. ყოველ საღამოს მეუბნებოდნენ, რომ ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი და ცხედრებს ჯერ არ აბარებდნენ ოჯახებს.
გუშინ ღამის პირველ საათზე ჩამოიყვანეს. მთელი სოფელი იქ იყო შეკრებილი. გულისმომკვლელი გოდება და ტირილი ისმოდა. ბებიისა და დედის უმწეო მოთქმა ხანჯალივით გვესობოდა გულში.
დღეს, 11:30 საათზე, მათი დაკრძალვა გაიმართება. ორი ძმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკიდან , ხოლო ორი ძმა — საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოდან. ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი — დაკრძალვა შავი ზურნის (საკრავი) თანხლებით. შავი ზურნის თანხლებით აცილებენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სიცოცხლეს ისე გამოეთხოვნენ, რომ ვერ მოასწრეს დაოჯახება, ვერ იხილეს საკუთარი ქორწილი და ვერ იცხოვრეს ის ცხოვრება, რომელზეც ოცნებობდნენ.
შავი ზურნის სევდიანი ხმა თითქოს შეუსრულებელ ოცნებებს, დაუმთავრებელ გზებსა და ნაადრევად შეწყვეტილ სიცოცხლეს გლოვობს. დღეს ასეთი მძიმე და გულისშემძვრელი დღეა. დღეს მე მასწავლებელი ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ,” – წერს ჰამიდ ბუკოვსკი.



