
ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური და დრამატული სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. უკვე თითქმის ერთი კვირაა, ათასობით ადამიანი უწყვეტ რეჟიმში ეძებს 8 წლის ხიზირ დერბიჩევის, რომელიც მდინარე სუნჟაში მეგობრის გადარჩენის მცდელობისას ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. განსაკუთრებით მძიმე კი ის არის, რომ დღეს, 20 ივნისს, როცა ძებნის ოპერაციამ პიკს მიაღწია, პატარა ხიზირის დაბადების დღეა – მას ზუსტად დღეს 8 წელი შეუსრულდა.
უბედური შემთხვევა 15 ივნისს, ინგუშეთში, სოფელ იანდარეში მოხდა. სამი ბავშვი მდინარე სუნჟას ნაპირას თამაშობდა. ბოლო დღეებში მოსული უხვი ნალექის გამო, მდინარე საგრძნობლად იყო ადიდებული.
თამაშის დროს ერთ-ერთ ბავშვს ფეხი დაუცურდა და ადიდებულ წყალში ჩავარდა. 7 წლის ხიზირი, მეგობრის დასახმარებლად ადიდებულ მდინარეში უყოყმანოდ გადახტა და მისი წყლიდან ამოყვანა სცადა. მესამე ბავშვი კი დასახმარებლად გაიქცა. უფროსებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდნენ, მდინარეში ჩავარდნილი პირველი ბავშვის გადარჩენა შეძლეს – მან მოასწრო და სანაპიროზე ხის ტოტებს ჩაეჭიდა. თუმცა, თავად პატარა მხსნელი, ხიზირ დერბიჩევი, მძლავრმა დინებამ წაიღო. მას შემდეგ ბავშვის კვალს ვეღარ მიაგნეს.
ტრაგედიამ წამებში შეძრა არა მხოლოდ ინგუშეთი, არამედ მთელი რეგიონი. მალევე დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის სამძებრო ოპერაცია. ინგუშეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს მაშველებს, უზარმაზარი სამოქალაქო ძალა შეუერთდა.
სხვადასხვა მონაცემებით, საძიებო სამუშაოებში 20 000-ზე მეტი მოხალისე ჩაერთო. მეზობელი რესპუბლიკებიდან – ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან – ადამიანები საკუთარი ნებით, ჯგუფებად ჩადიან ინგუშეთში, რათა დაეხმარონ ოჯახს და მაშველებს.
საძიებო ოპერაციას ძალიან აფერხებს ბუნებრივი პირობები. წყალდიდობის შედეგად მდინარე სუნჟას დინება იმდენად ძლიერია, რომ წყალქვეშა ხილვადობა ნულოვანია, ხოლო წყლის ნაკადმა მდინარის ფსკერის რელიეფი შეცვალა. არსებობს ვერსია, რომ ბავშვი დინებამ იმაზე ბევრად შორს წაიღო, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ, ამიტომ ძებნის არეალი ჩეჩნეთის საზღვრამდე გაფართოვდა.
ტერიტორიას უწყვეტად ამოწმებენ დრონებით, სპეცტექნიკითა და კინოლოგებით. თუმცა, რადგან ტრადიციულმა მეთოდებმა შედეგი ვერ გამოიღო, 20 ივნისს დილიდან მაშველებმა უკიდურეს ზომას მიმართეს: დაიწყო მდინარე სუნჟას კალაპოტის ცალკეული მონაკვეთების ხელოვნურად გადაკეტვა და შეცვლა. ეს საშუალებას მისცემს მაშველებს, დროებით დაწიონ წყლის დონე, რათა მყვინთავებმა და საძიებო ჯგუფებმა მაქსიმალურად დეტალურად, სანტიმეტრ-სანტიმეტრ შეამოწმონ მდინარის ფსკერი, ქვაბულები და სანაპირო ზოლი.
პატარა ხიზირის ისტორიამ ყველას გული აუჩუყა. როგორც ცნობილი გახდა, მას ჰყავს უმცროსი ძმა, ხოლო დედამისი, რომელიც პროფესიით მედდაა, ამჟამად მესამე შვილზეა ორსულად და შვილის დაბრუნებას ელოდება.
წყარო: ambebi.ge



