
გორში, ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ანი ბერიანიძე და მისი 3 წლის შვილი დაიღუპა.
ანი ბერიანიძის ბიძაშვილი ირმა ამბარდნიშვილი მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“დავიღუპე ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს, ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი აღარა მყავს! რატომ ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? ერთ დღეს დაიხოცეთ ნარკომანებო რამდენი უნდა შეიწიროთ? გაგეჩერებინა პატრულისთვის. დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს დედას რომ მოეხვია, სიმწრით, შე არარაობა გადმოხტი და გაიქეცი. რატომ არ მოიკალი თავი, ანგელოზი ბავშვი რომ გაჭყლიტე! შე არაკაცო!
ჩემო ლამაზო და ნიჭიერო ბავშვობიდან ლექსებს წერდა! მღეროდა, 5 ენაზე ლაპარაკობდა, უკეთესი ცხოვრება უნდა გქონოდა ჩემო ობოლო! რამდენ საშაირო ლექსებს უწერდი ხალხს. დაგრჩა ნეტავ ვინმე ლექსის გარეშე?!
ვაიმე, როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას. მატრასზე უნდა დავიძინო ერთი ღამეო.
დაიღუპა პატიოსანი ოჯახი.
ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი.
შენ მაინც როგორ მიმატოვე ანა! ჩემო ლამაზო… რატომ უნდა დაგიტიროთ მე? მე რატომ არავინ მიცოდებთ?” – წერს ანას ბიძაშვილი ირმა ამბარდნიშვილი.
ცნობისთვის, გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე “ჯიპის” ტიპის ავტომანქანა ქვეით დედა-შვილს დაეჯახა.ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაკავებულია ავარიაში მონაწილე მძღოლი.



