
სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე – 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და კიდევ 3 პირის დაჭრისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ მის შვილს მასზე ძალადობის მცდელობისთვის შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
დოდო ოდიშარიამ “პირველებთან” საუბარი თავად ისურვა. ქალი ყვება, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები წლებია აქვს – ამის გამო კლინიკაშიც კი იწვა.
როგორც მშობელი ამბობს, ამის შესახებ წლების წინ მის სახლში მისულ პოლიციასაც უთხრა და იარაღების ჩამორთმევაც თავად სთხოვა.
“წაიღეს ეს იარაღები, მაგრამ მერე ისევ დაუბრუნეს” – ეუბნება ქალი “პირველებს”
დედის თქმით, ნიკა კაპანაძეს მის სახელზე რეგისტრირებული სამი იარაღი ჰქონდა.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე, რომელიც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.



