
ახალგაზრდა წყვილი ერთ სკოლაში სწავლობდა. იმის მიუხედავად, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ნასტასიამ სწავლა პინსკის უნივერსიტეტში განაგრძო, მათ სიყვარული და ურთიერთობა შეინარჩუნეს – ასე იწყება ბელარუსულ მედიაში გამოქვეყნებული სტატია საქართველოში, ავტოავარიაში დაღუპული ბელარუსი წყვილის შესახებ.
12 აგვისტოს საღამოს, ბელარუსი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი საქართველოში მდებარე მაღალმთიანი კურორტიდან – გომის მთიდან ბრუნდებოდა. ოზურგეთის მიმართულებით, გზის მე-16 კილომეტრზე, სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა და ხეს შეეჯახა. ტრაგედიას ბელარუსის ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ ბრესტელი, 21 წლის გლებ მელნიკი და მისი 20 წლის საცოლე, ნასტასია ფილიუკი.
გამოცემა აღწერს, რომ გომის მთა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, გურიაში, ზღვის დონიდან 2 755 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მას ხშირად “ღრუბლებს ზემოთ არსებულ კურორტსაც“ უწოდებენ: კარგ ამინდში აქედან შავი ზღვის ხედები იშლება, ღრუბლები კი სათვალთვალო მოედნების ქვემოთ დაცურავენ. მოგზაურები აქ მზის ჩასვლის სანახავად და ისეთი ფოტოების გადასაღებად ამოდიან, სადაც თითქოს ცაში, ღრუბლებს ზემოთ დგახარ. გლები და ნასტასიაც გომის მთას სწორედ ამ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის ეწვივნენ, თუმცა შინ დაბრუნება აღარ ეწერათ.
ნასტასია ეკონომიკას სწავლობდა, გლები კი თევზაობით იყო გატაცებული ორივე მათგანი ბრესტიდან იყო და 28-ე საშუალო სკოლაში სწავლობდა. გლები ნასტასიაზე ერთი წლით უფროსი გახლდათ. მათი ურთიერთობა, 2023 წლის ზაფხულიდან დაიწყო. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები ახალგაზრდა წყვილის ჩვეულებრივ, ბედნიერ ცხოვრებას ასახავს: სეირნობა, კოცნა, ჩახუტება და ღიმილი. წყვილი სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა. საქართველოში დასასვენებლად სწორედ ამ სტატუსით გაემგზავრნენ.



