
ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა.
დაშავებულთაგან ერთს ხელის მტევანი აქვს მოტეხილი, მეორეს კი ლავიწის ძვალი გაუტყდა.
შემთხვევა ახალსოფლის შესასვლელში, გზაჯვარედინზე მოხდა. სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
სამი ბავშვი კლინიკაში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა. დანარჩენი მოსწავლეები კი, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა და ადგილზე მყოფმა პირებმა მიიყვანეს.
„მთავარი ამბები კახეთიდან“ ყვარლის რესურსცენტრის დირექტორს, ქეთევან ჭიპაშვილს დაუკავშირდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე თავადაც ჩავიდა.
„ყველა ბავშვი დავათვალიერებინეთ მედიკოსებს და ვინც ოდნავ მაინც რამეს იტკიებდა, გადავიყვანეთ, რომ ბოლომდე მოხდეს მათი შემოწმება“, – განაცხადა ჭიპაშვილმა.
საავადმყოფოშია გადაყვანილი ავტომობილის მძღოლიც.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და 112-ის ბრიგადა იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს განათლების სამინისტროსაც.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276- ე მუხლით დაიწყო.



