„რომ შევედი, ხილვებში იყო…მითხრა, შენს ქვეყანას დიდი განსაცდელები ელოდება, მაგრამ…“ – კახა ბასილია ვანგასთან შეხვედრას იხსენებს – geonewest.com
საკითხავი

„რომ შევედი, ხილვებში იყო…მითხრა, შენს ქვეყანას დიდი განსაცდელები ელოდება, მაგრამ…“ – კახა ბასილია ვანგასთან შეხვედრას იხსენებს

ვანგასთან შესახვედრად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ, მასთან სტუმრად ქართველებიც იყვნენ.

1987 წელს, ბულგარეთში ყოფნისას, ვანგასთან შეხვედრის შესაძლებლობა საქართველოს კარატესა და საბრძოლო ხელოვნებათა ლიდერს, კახა ბასილიას მიეცა. მაშინ ის 23 წლის იყო. ამ შეხვედრიდან დატოვებულ მოგონებებსა და შთაბეჭდილებებს კახა ბასილია “სარკესთან” იხსენებდა.

“ვანგასთან ჩემი საქმიანობით მოვხვდი. კარატეში ბავშვობიდან ვვარჯიშობდი. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ლვოვის ინსტიტუტში ჩავაბარე. საბჭოთა კავშირში კარატეს კრძალავდნენ, სპორტის სახეობად არ აღიარებდნენ, ევროპაში კი დაშვებული იყო. მოგეხსენებათ, ლვოვი უკრაინის სასაზღვრო ქალაქია – შესაძლებლობა მომეცა, მემოგზაურა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ახალ-ახალი ინფორმაცია მომეძიებია კარატეში.

ჩემი საყვარელი სპორტსმენი იყო ბულგარელი ბორის ბორისოვი, ბობის ვეძახდი. ზაფხულობით მეპატიჟებოდა თავის ოჯახში ბულგარეთში, ქალაქ ბლაგოევგრადში. ვისვენებდით და თან ვვარჯიშობდით. ბებიამისი ეკლესიას უვლიდა, პატრონობდა და ვანგასთან ახლობლობდა. ბობის დედა და ვანგას შვილობილი, დიმიტრი, თანაკლასელები იყვნენ და ოჯახებით მეგობრობდნენ. ვანგა ბლაგოევგრადიდან დაახლოებით 80 კმ-ში, სოფელ რუპიტეში იღებდა ხალხს.

მასთან მაშინდელი ბულგარეთის ცკ-ის გენერალური მდივნის ქალიშვილი მეგობრობდა, წინასწარმეტყველი რჩევებს აძლევდა. მოსალოდნელი საშიშროების შესახებაც გააფრთხილა. სამწუხაროდ, ქალმა არ გაითვალისწინა და დაიღუპა…

წესი იყო, წინასწარმეტყველების მსურველს ღამით შაქრის ნატეხები უნდა დაგედო ბალიშის ქვეშ და მეორე დღეს ვანგასთან მიგეტანა – წინასწარმეტყველებაში ეხმარებოდა. შაქარი თავქვეშ კი დავიდე, მაგრამ ნერვიულობისგან წაღება დამავიწყდა. დაგვხვდა უზარმაზარი რიგი. მეორე შესასვლელიდან შემიყვანეს, რომლითაც ოჯახის წევრები სარგებლობდნენ, აქედან შეჰყავდათ მასთან განსაკუთრებული სტუმრები, მაღალჩინოსნები, მთავრობის მეთაურებიც. “კაგებეს” გადაცმული თანამშრომლები სიტუაციას აკონტროლებდნენ.

დათქმულ დროს შევედი. ვანგას შუადღის შესვენება ჰქონდა. ნახევრად ბნელ, მოსასვენებელ ოთახში ტახტზე იჯდა მთვლემარე. ხილვებში იყო. 76 წლისა გახლდათ.

შესვლისთანავე ვიგრძენი დიდი მისტიკური ენერგია. აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების მრავალ ოსტატს შევხვედრივარ, მაგრამ მსგავსი სიმძლავრის ენერგია არ მიგრძნია. ძალიან დავითრგუნე, ყელში ბურთი გამეჩხირა, სიტყვა ვერ დავძარი.

ვანგამ თავადვე დამიწყო ლაპარაკი იმ თემებზე, რაც წინასწარ მქონდა დალაგებული გონებაში. ძალიან უბრალო და უშუალო საუბარი სჩვეოდა, ბებიასავით, ამიტომ “ბაბა ვანგას” ეძახდნენ. ნახევარ საათზე მეტ ხანს მელაპარაკა, თუმცა 2-3 წუთად მომეჩვენა. დროის შეგრძნება დავკარგე, გონება გამეთიშა. არ გამოვრიცხავ, რომ ვანგა ჰიპნოზის ელემენტებსაც ფლობდა… რომ წამოვედი, მისი ნათქვამიდან აღარაფერი მახსოვდა. ერთადერთი, რაც გონებაში მიტივტივებდა, იყო რიცხვი 20.

წლების შემდეგ შევხვდი კარატეს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო ესპინოზას. მან მითხრა, სასწაული უნდა მოხდეს, რომ აგვისტოში საკითხი კარატეს სასარგებლოდ გადაწყდეს და 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში შეიტანონო.

სწორედ მაშინ გამახსენდა ვანგას დასახელებული 20…

ვანგამ მითხრა, შენს ქვეყანას დიდი განსაცდელები, სისხლისღვრა, მსხვერპლი ელოდება, მაგრამ ოთხი მეფის შემდეგ აღმავლობას და აღორძინებას დაიწყებსო. მაშინ, 1987 წელს, ომსა და უბედურებას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ მომდევნო, 90-იანმა წლებმა ყველაფერი დაადასტურა.

მეფის ხსენებამაც გამაოცა. ვფიქრობ, ოთხ მეფეში ვანგამ ქვეყნის ოთხი მეთაური, ოთხი პრეზიდენტი იგულისხმა. დარწმუნებული ვარ, 2020 წლიდან საქართველოში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება, აღორძინების ეპოქა დაიწყება. ჩემი მიზნები, ოცნებები, ჩემი საქმიანობაც ხომ ჩემს ქვეყანასთანაა დაკავშირებული. ვანგამ ეს ფართო მასშტაბებში დაინახა. დიდი პროცესები დაიწყება, ველოდები, ამისთვის ენერგიას ვინახავ”, – იხსენებდა ვანგასთან შეხვედრას კახა ბასილია.

Back to top button