გაშავდა გაზაფხული, გაქვავდა ქალაქი და… – ჭიათურის პირველი სკოლა მოსწავლეებს ემშვიდობება
,,გაშავდა გაზაფხული.. გაქვავდა ქალაქი… სამი ანგელოზი,რომელიც სიცოცხლით ხარობდა, მომავალს გეგმავდა, ათასნაირად ხატავდა ბედნიერების გზას, გულით მზეს დაატარებდა და ყოველი დღის გათენებას ზეიმობდა, გაფრინდა. გაფრინდა შორს, უცნობ გზაზე, ცოცხლად დარჩენილთათვის მიუვალ ნაპირზე…. დუმს სკოლა…სკოლა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მათი ნაბიჯებით ხარობდა, მათი სიცილით ხმაურობდა და მათი მომავლის გეგმებს ისმენდა… თითოეული მასწავლებლის გულში ცეცხლი ანთია. ცეცხლი, რომელსაც ვერაფერი აქრობს…
ბავშვები, რომლებთან ერთადაც გაიზარდეთ, თორმეტი წელი ისწავლეთ და დაძმანივით შეიყვარეთ ერთმანეთი, თავზარდაცემულნი არიან. მათ ხომ სამი თანაკლასელი, სამი და დაკარგეს. დაკარგეს მაშინ, როცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადიოდნენ, სიცილ-კისკისით სტუდენტობის ზეიმობას აპირებდნენ და ახალ ცხოვრებას იწყებდნენ. რა იცოდნენ, თუ თქვენ, ასე სწრაფად გადაიფრენდით ურთულეს გზებს, დაიპყრობდით ცის კამარას და მზეს შეუერთდებოდით კაშკაშა სხივებად. ,,ნუთუ, ღმერთო, ამისთანა მსხვერპლი, მართლა საჭირო იყო?!”ყველა სიტყვა უძლურია ამ ტრაგედიასთან, ნუგეში, უბრალოდ არ არის…
ჩვენო თვალმერცხალა ანგელოზებო ნინო, ელენე, ლიზი ერთი რაც შეგვიძლია გითხრათ ისაა, რომ თქვენ მუდამ იცოცხლებთ თითოეული ჩვენგანის გულებში, ის წილი მზე, რომელიც ჩვენში აანთეთ და დატოვეთ სითბოდ და სიყვარულად, არასდროს ჩაქრება.
ქალაქ ჭიათურის N 1 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური საზოგადოება, მოსწავლეები და მათი მშობლები, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე სკოლის, მე-12 კლასის მოსწავლეების ნინო კენჭოშვილის, ელენე შუკაკიძის და ლიზი რობაქიძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.” – წერილს ჭიათურის პირველი საჯარო სკოლა ავრცელებს.
წყარო: inews. ge