ბერმუდის სამკუთხედი, ეს უნდა იცოდეთ!
ბერმუდის სამკუთხედი — ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც თითქოს საზღვაო და საჰაერო ხომალდების საიდუმლო გაუჩინარებანი ხდება. რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.
ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ-ს სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s.
ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების“ შესახებ პირველად Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა ახსენა, 1950 წელს მან ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა“ უწოდა. „ბერმუდის სამკუთხედის“ შესიტყვების ავტორად, ჩვეულებრივ, ვინსენტ გლადისი მიიჩნევა. მან 1964 წელს სპირიტიზმისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი“.
XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.
1974 წელს, ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები იყო შესული. წიგნი ბესტსელერი გახდა და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორიამ ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა. თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული.
1975 წელს, ლოურენს დევიდ კუშემ გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი: მითები და რეალობა“, რომელშიც ის შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ არაფერი ზებუნებრივი და საიდუმლო ამ რაიონში არ ხდება. აღნიშნული წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტებისა და თვითმხილველებთან საუბრების მრავალწლიან კვლევებზე, რომლებმაც მრავალრიცხოვანი შეცდომა და უზუსტობა გამოავლინეს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს არსებობის მომხრეთა პუბლიკაციებში.
თეორიის მომხრეები უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო ხომალდის გაუჩინარების შესახებ საუბრობენ. გაუჩინარებათა გარდა, იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ წესიერ მდგომარეობაში მიტოვებული გემების, ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში, დროის ანომალიები და ა. შ. კუშემ და სხვა მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ამ შემთხვევებათაგან ზოგიერთი ბერმუდის სამკუთხედის საზღვრებს მიღმა მოხდა. ზოგიერთი შემთხვევის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ოფიციალურ წყაროებში ვერ მოხერხდა.