(ვიდეო) ,,ჩაჭრის გამო ქსოვილები დაზიანდა და კანი გაიხსნა” – პაციენტი პლასტიკურ ქირურგს, ციცინო შურღაიას არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს
პლასტიკური ქირურგიის შედეგად დაზარალებულ პაციენტებზე ,,კურიერი p.s-მა” სიუჟეტი მოამზადა.
გადაცემის ეთერში მანანა გრატიაშვილი თავისი უარყოფითი გამოცდილების შესახებ გვიყვება და ექიმ ციცინო შურღაიას არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს.
,,ვიცოდი, რომ მარტივი ოპერაცია იყო. კვირა დღეს რომ მივედი უკვე შეშუპებული იყო. გაიხსნა კანი და სითხე თავისით ჩამოდიოდა. მითხრა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და არ შემშინებოდა. შემდეგ ჩაჭრის გამო დაზიანდა ქსოვილები და ეს შედეგი გამოიწვია”, – ამბობს მანანა.
მისივე თქმით, შესაძლოა ექიმს უნებლიე შეცდომა მოუვიდა, თუმცა აუცილებელია ეს აღიაროს და შესაბამისი ყურადღებაც გამოიჩინოს.
პლასტიკური ქირურგი, ციცინო შურღაია თავს დამნაშავედ არ თვლის და აცხადებს, რომ მან ყველაფერი სწორად გააკეთა.
,,შეხორცების პროცესი წავიდა, რადგან იყო მწეველობა და დაშლილი ფილერი. იმდენად დიდი გამოცდილება მაქვს, რომ კუნთი შეუძლებელია დავაზიანო, გამორიცხულია. როგორც არ უნდა შეხორცდეს და რა საშინელიც არ უნდა იყოს, გავასწორებ მეთქი. მადლობაო, მომწერა. ჩემთვის გამოუსწორებელი მდგომარეობა არ არსებობს. როდესაც ადამიანს არ ესმის, საერთოდ ვერ იგებს ვერაფერს, ვეუბნები, წადი სასამართლოში. ექსპერტიზა დაადგენს ყველაფერს”, – ამბობს ციცინო შურღაია.
ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა უკვე ოფიციალური დავის ფორმატში გადავიდა. ახალა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ უნდა დაადგინოს წარუმატებელი ოპერაციის მიზეზი იყო თუ არა ექიმის შეცდომა.