რატომ გაიმეტა ქმარმა,ცოლი და სიდედრი მოსაკლავად,მათი თანასოფლელები მიზეზებზე საუბრობენ.
დღეს, რუსთავში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება კიდევ ერთხელ შოკში ჩააგდო და აღაშფოთა.
კაცი, რომელმაც რუსთავში ცოლი და სიდედრი მოკლა, 27 წლის გიორგი ფირაშვილია.
მან მეუღლეს, მარიამ სოფრომაძესა და მის დედას, ინგა ბედაშვილს, ქუჩაში, სანადირო თოფიდან ხუთჯერ ესროლა. მამაკაცმა ცეცხლი მაშინ გახსნა, როცა მისი მეუღლე და სიდედრი, სკვერში, 9 თვის ჩვილს ასეირნებდნენ.
გიორგი ფირაშვილი დაკავებულია.
მოკლული ინგა ბედაშვილი დაიბადა და გაიზარდა ბოდბეში. „პრაიმტაიმმა“ მოახერხა ბოდბის მკვიდრთან გასაუბრება.
აი, რას მოგვიყვა წყარო:
ინგას მშობლებს 4 შვილი ჰყავდათ, ოთხივე გოგო. სოფელი შოკშია მას მერე, რაც ეს საზარელი ინფორმაცია გავრცელდა. მარიამის 9 თვის პატარა ხომ დარჩა დედის გარეშე და ინგას 4 შვილს რა ეშველება, არ ვიცი.
სულ 5 შვილი ჰყავდა ინგას. უფროსი ბიჭი ახლახალ დაქორწინდა. ორი პატარა კი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, დაბალ კლასებში სწავლობენ.
ინგა ქმარს დიდი ხანია, გაშორდა და ძალიან ბევრს შრომობდა, რომ შვილები ფეხზე დაეყენებინა. რუსთავში ბინა მრავალშვილიანობის გამო მისცეს.
რაც შეეხება მკვლელს, ისიც გვერდითა სოფლიდანაა – ნუკრიანიდან.
მისი მშობლებიც დიდი ხნის გაშორებულები არიან. როგორც ამბობენ, ქალს რაღაც სენი შეჰყრია, ავად გამხდარა და ქმარს სწორედ მაგის გამო მიუტოვებია, შვილები თან წაუყვანია და დედასთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდაო. თანაც, დედის მიმართ სიძულვილს უნერგავდა ბავშვებს და ასე გაუზრდია.
არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ ქალი გამოჯანმრთელებულა. სტეფანწმინდელი ყოფილა, წასულა თავის მხარეში, იქ ძალიან წარმატებული ბიზნესი წამოუწყია, სასტუმროები გაუხსნია და როგორც ამბობენ, საკმაოდ დიდძალი ფულიც უშოვია.
მარიამს ძალიან მძიმე მშობიარობა ჰქონია და როგორც თქვეს, სტეფანწმინდიდან რეკავდა სამშობიაროში, ექიმებთან და იქიდან აგვარებდა საქმეებსო.
მერე მარიამსაც ეკონტაქტებოდა და ინგასაც, ბავშვისთვისაც საკმაოდ ძვირად ღირებული საჩუქრები გამოუგზავნია.
ეს ყველაფერი კი არ მოსწონდა მის შვილს და ამის გამო კონფლიქტები ჰქონიათ და ერთ-ერთი ვერსიით, დღევანდელი მკვლელობაც ამის ნიადაგზე მომხდარა.