„უკვე მოასვენეს შინ ბიჭები, უფროსი 41 წლისაა, უმცროსი – 35-ის, რა ვუთხრათ განადგურებულ მშობლებს?” – რას ამბობენ ადგილობრივები დღეს სვანეთში მომხდარ საშინელ ავარიაზე?
20 მაისს, დილით, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ეცერის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ძმები ლერი და როლანდ პაკელიანები ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ძმები შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ. რა გახდა ავტოავარიის მიზეზი, ეს გამოძიებით გაირკვევა. ჩვენი ინფორმაციით, ძმები პაკელიანები ეცერის მაცხოვრებლები არიან. ახლა სოფელი გლოვობს სიცოცხლით სავსე ბიჭებს.
“ლერი და როლანდი იყვნენ მანქანაში, ორივე ადგილზეა დაღუპული. ეს თავზარდამცემი ამბავი დღეს დილით მოხდა. ახლა მათ სახლში უამრავი ადამიანია შეკრებილი და ლამის არის გული გამისკდეს, ისე განვიცდი ამ ამბავს. ეს არ უნდა მომხდარიყო. ძნელია ასეთ დროს რაიმე სანუგეშო უთხრა მისი ოჯახის წევრებს. მის განადგურებულ მშობლებს, რომლებმაც ეს საშინელი ამბავი დაატყდათ თავს.
ძმები ეცერში ცხოვრობდნენ, დაოჯახებული არცერთი არ ყოფილა. ლერი უფროსია, 41 წლის იქნებოდა, ხოლო როლანდი 35 წლის იყო. რატომ მოხდა ეს ავარია, არ ვიცი. თავიანთი მანქანით იყვნენ ბიჭები და ავარია სოფელ დიზის მახლობლად არის მომხდარი. მდინარეში არ ჩავარდნილა მანქანა, მდინარის ხეობაში, ნაპირთან მოხდა ეს უბედურება, ადგილზე იყვნენ დაღუპულებიო.
არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ ორთავე, გამორჩეული ბიჭები. მომხდარით განადგურებულები ვართ. 4 ძმა გაიზარდა ამ ოჯახში, ორი ძმა ჰყავთ კიდევ ბიჭებს. უკვე მოასვენეს შინ ბიჭები, ძალიან მძიმეა ეს ტრაგედია”, – ამბობს “ამბებთან” საუბარში ოჯახის ახლობელი.
შსს-მ მომხდარის გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს..
ambebi.ge