პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაასაჯაროვა
საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წლის 27 ივნისს თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო თანადგომისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის მალხაზ პარკაძე „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა მალხაზ პარკაძე ორბელიანების სასახლეში პირადად დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა.
„ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ის, რაც თქვენ გააკეთეთ და ასევე, მნიშვნელოვანია ამის აღიარება. საზოგადოება იწყება იქ, სადაც არის თავდადება, სადაც ერთმანეთის მიმართ ინდიფერენტულობა არ სუფევს და პირიქით, ადამიანები მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად თუნდაც თავიანთი სიცოცხლის ფასად წავიდნენ რისკზე, სწორედ ეს ქმნის ძლიერ საზოგადოებას.
დღევანდელ დღეს საზოგადოება გამოცოცხლებულია. ეს დავინახეთ ახალგაზრდების გამოსვლებში. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან თავიანთი პასუხისმგებლობა აიღონ, და ეს იწყება პიროვნებიდან და თქვენ ამისი განსახიერება ხართ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი გამოგივიდათ და რომ კარგად დასრულდა.
დასაფასებელია და თქვენი თავდადებაც და მოქალაქეობრივი შეგნებაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, და მაგალითად წარმოვადგინოთ რადგან, თუ რამე აკლია ჩვენ ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას სწორედ ასეთი მაგალითებია. როცა იწერება სხვა როგორ იქცევა და მერე შენც მიიჩნევ, რომ შენც შეგიძლია ასე მოიქცე და ეცდები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, მალხაზ პარკაძემ პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა.