ვინ არის 21 წლის ქართველი, რომელსაც აშშ-ში 50 წლით პატიმრობა ემუქრება, ერთ-ერთი ბრალდება ებრაელი ბავშვების მასობრივი მოწამვლის მცდელობაა
აშშ-ში დააკავეს ნეონაცისტური დაჯგუფების – მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერი, რომელიც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. დაკავებული 21 წლის მიხაილ ჩხიკვიშვილია. ის ნიუ-იორკში ებრაელი ბავშვების მოწამლული კანფეტებით დახოცვას გეგმავდა.
ჩხიკვიშვილი თანამზრახველის სანტა კლაუსის ფორმით შენიღბვას და ებრაელი ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტების დარიგებას გეგმავდა. მას წაუყენეს 4 ბრალი, მათ შორის სიძულვილის დანაშაულის გაღვივებასა და მასობრივი ძალადობის ქმედებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ საუბარია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
ჩხიკვიშვილი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მიშკა, მიხაელი, მეთაური ყასაბი ან უბრალოდ ყასაბი, ბრალდების მიხედვით მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერია. პროკურატურის თქმით, ეს არის საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც მხარს უჭერს ნეონაცისტურ იდეოლოგიასა და ძალადობას ეროვნული უმცირესობების, ებრაული საზოგადოების მიმართ.
აშშ-ს გენერალური პროკურორის თანაშემწის, მეთიუ ოლსენის თქმით. მანიაკური მკვლელობის კულტის მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ტერორისტული და ძალადობრივი მეთოდებით, ქაოსისა და შიშის დანერგვა.
ჩხიკვიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სცადა გადმოებირებინა თანამზრახველი, რომელიც მის დავალებას შეასრულებდა, თუმცა ეს პიროვნება გადაცმული სამართალდამცველი გამოდგა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ჩხიკვიშვილს სურდა აფეთქებებისა და ხანძრების მოწყობა.
აშშ-ს გენერალური პროკურატურის მიხედვით, ჩხიკვიშვილმა “მასობრივი მსხვერპლის ღონისძიების” დაგეგმვა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო. ის თავდასხმას ქალაქ ნიუ-იორკში, ახალი წლის ღამეს გეგმავდა.
“გეგმა მოიცავდა პიროვნების სანტა კლაუსად გადაცმას და საწამლავში ამოვლებული კანფეტების რასობრივი უმცირესობებისთვისა და ბავშვებისთვის გადაცემას ბრუკლინის ებრაულ სკოლაში.” – ნათქვამია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, რადიკალური ჯგუფის ლიდერმა გადაცმულ ოფიცერს, რომელიც თანამზრახველი ეგონა, გადასცა დაწვრილებითი გეგმა და საწამლავის დამზადების დეტალური ინსტრუქცია.
ამავე ცნობით, 2021 წლის სექტემბრიდან ჩხიკვიშვილი ავრცელებდა მანიფესტს, სათაურით “მოძულის სახელმძღვანელო”, რომელშიც ის ირწმუნებოდა, რომ “თეთრი რასისთვის მკვლელობა ჩაუდენია” და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდა.
მანიფესტი მკითხველებს მოუწოდებს სკოლებში სროლის მოწყობას, სუიციდური აფეთქებების მოწყობას და მასობრივ მკვლელობებს ეროვნული უმცირესობების წინააღმდეგ. ასევე ისეთ ტერორისტულ თავდასხმებს, როგორიცაა ღონისძიებებზე ადამიანებისთვის მანქანის დაჯახებას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩხიკვიშვილს ძალადობრივი დანაშაულისკენ მოწოდებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა – ძალადობრივი შეთქმულებისთვის, 20 წლით – ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ხოლო კიდევ 5 წლით პატიმრობა – მუქარის შემცველი კომუნიკაციისთვის ემუქრება. აშშ-ში სასჯელის შეკრებითობის პრინციპი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული სასჯელები დაჯამდება.
წყარო: mix. metronome .ge