ვინ არიან ძმები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ამ დროს ერთმა მეორე ნამგლით დაჭრა? – რას ამბობს მათი მეზობელი?
ხობის მუნიციპალიტეტში ძმებს შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლისღვრით დასრულდა. ძმამ ძმა დაჭრა, დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.როგორც ადგილობრივები ამბობენ ძმები, გია და მამუკა ჯვარელიები იმ დღეს ყოფით ნიადაგზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ერთმა ძმამ მეორეს ჭრილობები ნამგლით მიაყენა. თავისა და სახის არეში მიყენებული დაზიანებებით მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. დაჭრილს მრავლობითი დაზიანებები აქვს, მას სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. როგორც ირკვევა, მიყენებული დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი ძმა კლინიკაშია, ხოლო მეორე ძმა დააკავეს სამართალდამცავებმა და მას მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ იმეტებდა ძმას სასიკვდილოდ.
“ძალიან ცუდი ამბავი მოხდა სოფელ ჭალადიდში. როგორც ჩანს, გია და მამუკა ჯვარელიები საღამოს საათებში შელაპარაკდნენ, ერთმა მეორე დაჭრა. მთავარია, რომ გადარჩა. სადაც დანაშაული მოხდა, იმ უბანს საბაჟოს უბანს ეძახიან, ძმები ერთ ქუჩაზე ცხოვრობენ, ერთმანეთისგან რამდენიმე სახლი აშორებს მათ სახლებს. ცალ-ცალკე სახლები აქვთ. მამუკამ და გიამ რატომ იჩხუბეს, მართლა არ ვიცი, ვიცი, რომ ერთმა დაჭრა მეორე და საბედნიეროდ, როგორც ვიცი, გადარჩა. რამდენიმე ჭრილობა ჰქონია მიყენებული, მაგრამ არც ერთი ჭრილობა ისე მძიმე არ არის, რომ მოკლას ადამიანი. დაჭრილი საავადმყოფოშია, ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც გავიგე, ახლა უკეთესად არის. რატომ მივიდა საქმე აქამდე, არ ვიცი. მათ შორის კონფლიქტზე მე ადრე არაფერი გამიგია.
ორივე დაოჯახებულები არიან, ცალ-ცალკე ცხოვრობენ. არ იყვნენ კონფლიქტურები, მე ასე ვიცნობ ყოველ შეთხვევაში და ოჯახში რა ხდება იმას რას გაიგებს ადამიანი. მათზე ცუდი არაფერი გამიგია, ან სამეზობლოში ჩხუბი რომ ჰქონოდათ ასეთი რამ არ გამიგია. მშრომელები არიან, ფიზიკურად შრომობენ. ალბათ 55 წლის იქნება დაჭრილი. იჩხუბეს, შეეჯახნენ ერთმანთს და აღელვების ნიადაგზე დანა დაარტყაო, ზოგი ამბობს ნამგალიო. როგორც ვიცი, მძიმე დაზიანებები არ აქვს, თუმცა აქვს რამდენიმე ჭრილობა. მშრომელი ადამიანები არიან, არ არიან ხულიგნები, რატომ გადაეკეტათ ტვინი, არ ვიცი. მთავარია გადარჩა. მთელი დღეა იკითხებიან ოჯახის წევრები და ახლობლები… ოჯახს ეცოდინება მიზეზი, მაგრამ არ ახმაურებენ”, – ამბობს საუბარში ადგილობრივი.
კვირის პალიტრა