
საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში ხელფასები იზრდება. ასევე იზრდება პენსიაც.
მომავალი წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.
ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ: პოლიციელებს; ჯარისკაცებს; ბაღის თანამშრომლებს; პირველადი ჯანდაცვის პერსონალს.
20%-ით კი გაეზრდებათ: საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს, სკოლის ექიმებსა და მანდატურებს.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლიდან იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო. მათ შორის არიან მინისტრები, მათი მოადგილეები, პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები.
ბიზნესპრესნიუსი” საბაზო თანამდებობრივი სარგოს მოცულობის გათვალისწინებით გთავაზობთ, რამდენი იქნება თანამდებობის პირების ხელფასები მომავალი წლიდან (თანამდებობრივი სარგო მითითებულია საშემოსავლოს ჩათვლით):
პრეზიდენტი (კოეფიციენტი 10) – თვეში 16 000 ლარი
პრემიერ მინისტრი (კოეფიციენტი 10) – თვეში 16 000 ლარი
მინისტრი (კოეფიციენტი 8.5) – თვეში 13 600 ლარი
პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 16 000 ლარი
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებაზე 20%-ის გამოკლების შემთხვევაში, მათი დარიცხული თვიური სარგო (ე.წ. ხელზე ასაღები ანაზღაურება) 12 800 ლარი, ხოლო წლიური 153 600 ლარი იქნება.
ამასთანავე, მინისტრების ყოველთვიური დარიცხული სარგო 10 880, ხოლო წლიურად – 130 560 ლარი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის წევრების თანამდებობრივ სარგოს, 2026 წლიდან საშემოსავლოს გარეშე, დეპუტატის შემოსავალი თვეში 10 240 ლარი გახდება, წლიური დარიცხული ანუ ხელზე ასაღები ხელფასი კი 122 880 ლარს გაუტოლდება.



