
ამბროლაურის სოფელ კვარცხუთში·მომხდარ უბედურ შემთხვევას მეშვიდეკლასელი ბიჭის, დავით (დადუ) აპუსიდისის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ბავშვი სახლში, ბუხარში ცეცხლს ანთებდა, შემთხვევით ბენზინი შეასხა და ძლიერი აალების დროს მან მძიმე დამწვრობა მიიღო. მას შემდეგ ბავშვი ერთი თვეზე მეტხანს თბილისში, დამწვრობის ცენტრში ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ სამწუხაროდ, იმდენად მძიმე იყო დამწვრობა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
“კვირის პალიტრა” დაუკავშირდა მოზარდის სკოლის პედაგოგს, ქალბატონ ხათუნას, რომელსაც ძალიან გაუჭირდა მასზე წარსულში საუბარი.
“ძალიან მძიმეა, რაც მოხდა. დადუ ჩემი მოსწავლე იყო, მე ვიყავი მისი კლასის დამრიგებელი. დღეს ამ შემზარავი რეალობის წინაშე ვართ. პარასკევს სკოლაში იყო, სკოლიდან საღ-სალამათი ბავშვი გავისტუმრეთ, ჩვეულებრივად….
უბედურება კვირა დღეს (დეკემბერში) მოხდა. ბავშვმა სახლში მიიღო დამწვრობა. როგორც ვიცი, ბუხარს ანთებდა და ამ დროს დაშავდა. ჩვენ ამ დრომდე ამ ამბის მეტ დეტალებზე არც გვილაპარაკია არავისთან იმიტომ, რომ ყველანი გადართულები ვიყავით იმაზე, რომ როგორმე ბავშვი გადარჩენილიყო, ვლოცულობდით მისთვის…
40 დღის განმავლობაში თბილისში, დამწვრობის ცენტრში იწვა, იბრძოლა მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს ჩვენი ლამაზი ბიჭი. ექიმებს უთქვამთ, შინაგანი წვა ვერ შევაჩერეთო. ურთულესი მდგომარეობა იყო და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. უკვე ჩამოასვენეს თბილისიდან…
დადუ საოცარი ბავშვი იყო, კარგ ოჯახში გაზრდილი, ძალიან გონიერი, ზრდილობიანი, მოხერხებული, ყველას რომ უყვარდა, ისეთი. უფროსი და-ძმა ჰყავს, ძმა სამედიცინოზე სწავლობს, მისი და აეროპორტში მუშაობს, ინგლისურის სპეციალისტია…
ამ ამბავს ძალიან განიცდიან მისი თანაკლასელები. მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, სკოლას და ყველას”, – აღნიშნა კლასის დამრიგებელმა.
“ეს ის მომენტია, სისხლი რომ გეყინება ადამიანს. საოცარი ბავშვი იყო, როგორი იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა. სიცოცხლით სავსე ბავშვი, ულამაზესი, მოღიმარი. ეს არ უნდა მომხდარიყო.
საოცრად კარგ ოჯახშია გაზრდილი. დედამისი პედაგოგია, დედამისს ახალგაზრდა ძმა გარდაეცვალა, ეს ტკივილი არ ჰქონდათ მოშუშებული და ახლა ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს. ვიზიარებ მთელი ამბროლაურის ტკივილს. უზარმაზარი ტრაგედიაა, გაუსაძლისი ტკივილია. ჩაეხუტება თავის ბიძას. ჩვენი მოუშუშებელი ტკივილი იქნება დადუ”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
წყარო: კვირის პალიტრა



