ახალი ამბები

სისხლიანი ანგარიშსწორება საკანცელარიო დანით – რა მოხდა ვარკეთილში და რას ყვებიან თვითმხილველები

30 წლის ქალის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ამ დრომდე იბრძვიან. გამოძიების ინფორმაციით, კაცმა ყოფილ მეუღლეს მრავლობითი ჭრილობები საკანცელარიო დანით მიაყენა.

მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, ქალმა თავდამსხმელისგან თავის დაღწევა შეძლო, საცხოვრებელი კორპუსიდან ჩამოვიდა და დახმარება მეზობლებს სთხოვა. საქმის მასალებით დგინდება, რომ 30 წლის გიორგი ბენიძე ყოფილ მეუღლეს თავდაპირველად ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ ახალგაზრდა ქალს საკანცელარიო დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

დანაშაულის ადგილი ბრალდებული გიორგი ბენიძის საცხოვრებელი სახლია. პოლიციის მასალებით დგინდება, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბენიძემ ყოფილი მეუღლე შერიგების მიზნით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიიპატიჟა. გამოძიების ვერსიით, შეხვედრა მოგვიანებით კონფლიქტში გადაიზარდა, რის შემდეგაც კაცი ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი საკანცელარიო დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების დროს მამაკაცმა საცხოვრებელ სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა. ბრალდება არ გამორიცხავს, რომ ძალადობის პროცესში მან ყოფილი მეუღლე რამდენჯერმე სხვადასხვა ნივთს შეაჯახა, რაც ქალისთვის დამატებითი დაზიანებების მიყენებას ისახავდა მიზნად.

სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებით ირკვევა, რომ ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, მიუხედავად მიყენებული მრავლობითი დაზიანებებისა, თავდამსხმელისგან გაქცევა შეძლო. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს ყოფილი მეუღლის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა. ახალგაზრდა ქალი  მიყენებული დაზიენების შემდეგ კორპუსის მე-8 სართულიდან ეზომდე ჩავიდა და ადგილზე მყოფ მოქალაქეებს დახმარება სთხოვა. თვითმხილველების თქმით, ქალს მიყენებული დაზიანებების შედეგად ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მისი სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.

Back to top button