
27 ივლისს კიდევ ერთი მძიმე ავტოკატასტროფა მოხდა. ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, საპირისპირო ზოლში მიმავალი ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი მანქანის მძღოლი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მეორე მანქანის მძღოლი დაზიანებებით ასევე კლინიკაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ხელვაჩაურში მცხოვრები 39 წლის ლევან ლორთქიფანიძეა. ავარიის შემდეგ მანქანიდან გადმოყვანილს, ფაქტობრივად, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
“რომ მივედი, ავარია ახალი მომხდარი იყო და ყველა დაშავებულების დასახმარებლად გარბოდა. ორი “ბმვ”-ს მარკის ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს – საპირისპირო ზოლში მიდიოდნენ. ორივე მანქანაში მხოლოდ მძღოლები იყვნენ. ერთი გადმოყვანილი იყო უკვე, ძირს დააწვინეს. სასწრაფოს მოსვლამდე დავაპირე ჩემი მანქანით კლინიკაში გადამეყვანა და როგორმე დავხმარებოდი, მაგრამ მითხრეს, რომ მისი განძრევა არ შეიძლებოდა. მალე სასწრაფოც მოვიდა. თავიდან გონზე იყო ის ახალგაზრდა ბიჭი, მერე გონებაც დაკარგა…
მეორე მანქანა ისე იყო დალეწილი და დამტვრეული, იქ ადამიანის გადარჩენა წარმოუდგენელი იყო. ეტყობა, მანქანების შეჯახების შემდეგ, ის მეორე მანქანა ბორდიურსაც დაეჯახა. ბიჭი ძლივს გამოიყვანეს მანქანიდან. პულსს უსინჯავდნენ, ყვიროდნენ, არ ესინჯებაო, მაგრამ სასწრაფოში რომ ჩასვეს და წაიყვანეს, მქონდა იმედი, რომ ისიც გადარჩებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მერე გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი”, – უთხრა “კვირის პალიტრას” ფაქტის თვითმხილველმა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა 39 წლის ლევან ლორთქიფანიძე ოჯახთან ერთად ხელვაჩაურში ცხოვრობდა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.
“ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა. ჩვენი მეზობელია ლევანი, ოთხი შვილის მამა, უფროსი შვილი 14 წლის იქნება, პატარა ერთი წლის არის. ჰყავს მეუღლე. ლევანის დედა ემიგრაციაში – იტალიაშია. ეს თავზარდამცემი ამბავი იქ გაიგო, რომ მონატრებული შვილი აღარ ჰყავს. საუკეთესო და თბილი ადამიანი იყო ლევანი, სიტყვები არ მყოფნის”, – ამბობს მეზობელი.
ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა ლევანის დამ სოციალურ ქსელში.
“დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეა… არ მჯერა, ღმერთო, რატომ?!
მე ახლა ვინ უნდა დამიძახოს დაია, ძმაო. ისე ლამაზად მეძახდი დაიას.
ძმაო, არ მჯერა, რომ შენ გარეშე უნდა გავაგრძელო ცხოვრება. თითქოს გულიდან ყველაზე ძვირფასი ნაწილი წამართვეს. შენ მხოლოდ ჩემი ძმა არ იყავი – ჩემი ძალა, ჩემი იმედი, ჩემი მეგობარი და ჩემი სიამაყე იყავი.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ვიცი, ზეციდან მიყურებ და ისევ დამიცავ, როგორც ყოველთვის. სამუდამოდ ჩემს გულში იცოცხლებ, ძმაო. სანამ მე ვსუნთქავ, შენი სახელი, შენი ღიმილი და შენი სიყვარული არასოდეს გაქრება”.
მეორე ახალგაზრდა დაზიანებებით კლინიკაშია. როგორც დაშავებული ბიჭის ახლობელი ამბობს, ის უმძიმეს მდგომარეობაშია, ამჟამად რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. დაშავებულს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
კვირის პალიტრა



