
შინაგან საქმეთა სამინისტროს აღიარება – რამდენიმე თვის წინ კანონის გამკაცრებამ არ იმუშავა, ამიტომ ძალოვანი უწყება სიკვდილიანობის საგანგაშო სტატისტიკას კიდევ უფრო გამკაცრებულ წესებს უპირისპირებს. სიჩქარის გადაჭარებების შემთხვევაში ვიდეო ჯარიმას თან მოყვება მართვის მოწმობაზე ქულების შემცირება. და ეს ყველაფერი არ არის. ახალი სტარტეგია მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.
ოთხწლიანი გეგმის ნაწილია ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობები ავტომობილში და ღვედის გაკეთების ვალდებულება უკანა სავარძელზე. ცვლილებები ეხება ახალბედა მძღოლებსაც. ისინი მართვის მოწმობის აღებიდან გარკვეული პერიოდი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნებიან და გამოსაცდელი ვადა ექნებათ.
2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 92 ადამიანი ემსხვერპლა, 989 კი დაშავდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ავარიების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში და შიდა ქართლში ფიქსირდება.
ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ საგზაო უსაფრთხოება საქართველოში კვლავ ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ჯარიმების გაზრდას ავარიების შემცირების ერთ-ერთ მექანიზმად ასახელებდა, მძიმე შემთხვევები კვლავ ხშირია.



