გაირკვა ქალის ვინაობა, რომელსაც სიძემ თოფი ესროლა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა – ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობაც, რომელიც სიდედრს მოსაკლავად მიუვარდა – ახალი დეტალები
ხონში, 50 წლამდე ქალი ყოფილმა სიძემ სანადირო თოფით დაჭრა. ისროდა, ყვიროდა და ცდილობდა შეემტვრია ბინის კარი, სადაც ყოფილი ცოლი დედამისთან ერთად ცხოვრობს. სროლის კვალი და ნაფეხურები კარს ახლაც ეტყობა, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლებიც დაზარალდნენ.
მეზობლები ჰყვებიან, რომ თავდასხმის მომენტში 30 წლამდე ასაკის გელა გედენიძე სავარაუდოდ ნასვამი იყო. ამასთან, ისინი საუბრობენ კონფლიქტის წინაპირობებზეც. ირკვევა, რომ კაცი ყოფილ ცოლზე ფიზიკურად წარსულშიც ძალადობდა.
სანადირო თოფიდან გასროლით გელა გედენიძემ ყოფილი სიდედრი ლია ფილია დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. ქალი რამდენიმე ჭრილობით ჯერ ხონის, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
თავდამსხმელს, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის წარსულშიც არის ნასამართლევი, პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რუსთავი 2