“ერთ-ერთ საპირფარეშოში 28 ადამიანის ცხედარი იპოვეს… ზოგი მშობელი შვილთან ჩახუტებული გარდაიცვალა” – რა ახალ დეტალებს ავრცელებენ ტელეგრამ არხები?
Crocus City Hall-ის ერთ-ერთ საპირფარეშოში 28 ადამიანის ცხედარი იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, საევაკუაციო კიბეზე 14 ცხედარია ნაპოვნი. ზოგი მშობელი შვილთან ჩახუტებული გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებენ.
უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა პრეზიდენტ პუტინს უკვე შეატყობინა, რომ 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი თავდამსხმელი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ტერაქტში.
“მიმდინარეობს შემდგომი სამუშაოები თანამზრახველთა ბაზის იდენტიფიცირებისთვის“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში.
ცოტა ხნის წინ, მოსკოვის რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრომ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა სია გამოაქვეყნა: ჯერჯერობით 41 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა.
გუშინ მოსკოვის “კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.