(ვიდეო) სასტიკად მოკლული ქეთი ჯავახიშვილის ოჯახი დუმილს არღვევს
59 ჭრილობა დანით. კურიერი PS ლილოში მომხდარი სასტიკი დანაშაული დეტალები გაარკვია. მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილია, მკვლელი კი 20 წლის ოთარ ცინდელიანი, რომელმაც საკუთარი დედის ნათლული, ღამის ორ საათზე, ჯერ სახლიდან გაიტყუა, შემდეგ კი დანით დაჩეხა და მიიმალა.
ცხედარი იმდენად დასახიჩრებული იყო რომ მეორე დღეს, დანაშაულის ადგილას მისულ ადგილობრივებს, გარდაცვლილის სქესის გარკვევაც კი გაუჭირდათ – საბოლოოდ ცხედარი მოკლულის მამამ ამოიცნო. ოჯახი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სასტიკი დანაშაულის საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ირკვევა, რომ ბრალდებულმა აღიარება დუმილით შეცვალა. ცინდელიანის ადვოკატები მედიის შეკითხვებს გაურბიან.
მომხდარიდან სამი თვის შემდეგ კურიერი • P.S-თან ქეთის ბებია დუმილს არღვევს. მისი თქმით, მისი შვილიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული.
“ქეთის ხელები სულ გადაჭრილი ჰქონდა. დაგვღუპა (ოთარ ცინდელიანმა) ორ-ორი ოჯახი. 28 თებერვალს მოკლა, ერთი დღე არ აცალა, რომ გაზაფხული შეეგრძნო. ჯერ უცემია, შემდეგ დანა დაურტყია და ორმოში ჩაუგდია. დილით ქეთი მამამ ნახა, ვიღაც მოუკლიათო, გავიდა გარეთ და რომ მივიდა და გადმოწია ცხედარი, ქეთი სულ სისხლში ცურავდა”. უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს, დილით ჩვენი ცხოვრება ტირილით იწყება”, – ამბობს გოგონას ბებია.