სასტიკად მოკლული 14 წლის აიტაჯის დედას და ბიძას განაჩენი გამოუტანეს – რამდენი წლის გატარება მოუწევთ მათ ციხეში ქორწინების იძულების გამო
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილმა 14 წლის აიტაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედა და ბიძა დამნაშავედ ცნო.
ნატიკ მაგამაროვი საქმის ორივე ნაწილში იქნა ცნობილი დამნაშავედ და 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ეგანა მაგამაროვას კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
სასამართლო სხდომაზე ბოლო სიტყვით ისარგებლა აიტაჯ შახმაროვას დედამ. მან განაცხადა, რომ არის უდანაშაულო და პირიქით, საქმეში დაზარალებულია.
2023 წლის 11 ოქტომბერს პროკურატურის მოთხოვნით, მოსამართლე მადონა მაისურაძემ ბრალდებულებს, ეგანა მაგარამოვასა და ნატიკ მაგარამოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოკლული აიტაჯ შახმაროვას დედა და ბიძა პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს თვეების განმავლობაში არ აღიარებდნენ და სხდომაზე აცხადებდნენ, რომ გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.
აიტაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული ასიმ ასლანოვი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის რამდენიმე დღეში დააკავეს. გამოძიების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“, „თ“ და „კ“’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის აიტაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს.
წყარო:resonancedaily. com