”ნუცას დაკრძალვაზე კესარია მოვიდა, გვერდით მომიჯდა და მითხრა…” – მაია ასათიანის უცნობი ამბავი კესარიაზე ბევრს გატირებთ
კესარია აბრამიძის შესახებ ჟურნალისტი მაია ასათიანი ვრცელ ვიდეომიმართვაში, დეტალურად ჰყვება კესოს და ბექას შესახებ.
“ახლა ვნახე ჩვენი ბოლო მიმოწერა, მწერს, რომ ყოფილი პარტნიორი სთხოვს შერიგებას, სიტყვა სიტყვით ასეთი მესიჯია: “არა, რას ამბობ, რომ შევურიგდე, აუცილებლად მომკლავს…“ თითოეული თქვენგანი ვინც ახლა ტირაჟირებთ, რომ ხელისუფლების ჰომოფობიური კანონი არაფერ შუაშია და ეს არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა, ხართ მომდევნო დანაშაულის მონაწილე. კესო იყო მძიმე, სისტემატური ძალადობის მსხვერპლი.
რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ტვინის შერყევა და მრავლობითი დაჟეჟილობები. ხანგრძლივად მკურნალობდა. ისმის კითხვა – რატომ არ მიმართა მან პოლიციას? ტრანსგენდერი ქალი როდესაც სახლიდან გადის, ბოლომდე არ არის დარწმუნებული მშვიდობით მივა თუ არა სახლში. კესო არასოდეს იმჩნევდა მამაკაცების უხამს გამონათქვამებს, შეძახილებს, არც წყევლა-კრულვას ქალების მხრიდან.
კესო გაგიკვირდებათ და ამ ყველაფერს პოზიტიურად უყურებდა. მას ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ ყოფილიყო ისეთი, როგორიც ყველას გვახსოვს – ლაღი, თამამი, ძლიერი და ძალიან ლამაზი ქართველი ქალი. როცა ის ძალადობის მსხვერპლია, ვერ მიმართავს პოლიციას, იმიტომ რომ არ არის დარწმუნებული, პოლიცია უფრო მეტი მოძალადეა თუ არა, არ არის დარწმუნებული, რომ მას დაიცავენ…
პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები ისევ უხამსად ხომ არ იხუმრებენ მასზე, ისევ ხომ არ დასცინებენ, ისევ ხომ არ მიუთითებენ, რომ ის მამაკაცად დაიბადა ოდესღაც. კესო ამაზე არასოდეს საუბრობდა. ერთი ასეთი შემთხვევა ჰქონდა, როცა ის ბარსელონაში მსოფლიო სილამაზის კონკურსზე საქართველოს წარმოადგენდა, რომლის ერთ-ერთ დღეს უნდა სცმოდა ეროვნული სამოსი. ძალიან ცნობილმა ქართულმა ბრენდმა მას ეროვნული სამოსი არ ათხოვა, იმიტომ რომ ჩათვალა, ეს ქართული სამოსის შეურაცხყოფა იყო. შემდეგ ლელა წურწუმიამ გაატანა თავისი კაბა.
იქ როდესაც ჰკითხეს, ერთ-ერთმა ესპანურმა არხმა იყო თუ არა მის ქვეყანაში ჰომოფობია, უპასუხა, რომ საქართველო იყო ტოლერანტული ქვეყანა. გაოცებული ვიყავი, ეს რატომ გააკეთე-მეთქი, – მითხრა, რომ ჩემს ქვეყანაზე ცუდს ვერაფერს ვიტყვიო. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა და ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ეს ურთიერთობა სხვანაირი ფორმებით გაგრძელდა. მე ძალიან ცოტა მეგობარი და ახლობელი მყავს. არ ვუშვებ ხოლმე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ახლოს ადამიანებს, მაგრამ იყო ერთი ფაქტი, რომელმაც ჩვენ დაგვაახლოვა. ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, რომ ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზეო. ძალიან გამიკვირდა, საქართველოში რანაირად შეიძლება იცხოვრო, რომ დაკრძალვაზე არ წახვიდე, მითხრა, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო.