„წვიმამ რომ გადაიღო, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ დახუჭობანას და ნინიკოც დაიმალა…“ – როგორ დატრიალდა თემქაზე საშინელი ტრაგედია, რომელსაც 10 წლის გოგონა ემსხვერპლა? – geonewest.com
ახალი ამბები

„წვიმამ რომ გადაიღო, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ დახუჭობანას და ნინიკოც დაიმალა…“ – როგორ დატრიალდა თემქაზე საშინელი ტრაგედია, რომელსაც 10 წლის გოგონა ემსხვერპლა?

უმძიმესი ფაქტი 13 ივნისს, თბილისში, თემქის მესამე მიკრო რაიონში დატრიალდა. 10 წლის გოგონა, ნინო ჩორგოლაშვილი მისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბავშვებთან ერთად თამაშობდა, როცა მოულოდნელად ბავშვი კიბიდან გადავარდა, სადარბაზოსთან დაგროვილ ნაგავში ჩავარდა, სადაც სხვადასხვა სახის ნარჩენები და შუშები ეყარა, როგორც ჩანს, ბავშვმა დაზიანება მიიღო, ეტყობა არტერია დაუზიანდა, სისხლისგან ისე უცებ დაიცალა, რომ მისი გადარჩენა სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. 

მომხდარით შეძრულები არიან მეზობლები.

“განადგურებულები ვართ ამ ამბით. წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა. ჩვენ ვცხოვრობთ თემქაზე ძველი რუსული სკოლის შენობაში. იქ წლების წინ შეასახლეს დევნილები და ამ კორპუსშია ეს დიდი უბედურება მომხდარი. ჩვენს თვალწინ გაიზარდა ნინო, სულ ჩემს ბავშვებთან თამაშობდა ეზოში. პირველ სართულზე აქვთ ბინა. ოჯახი სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. ნინოს უფროსი და და პატარა ძმა ჰყავს. ძალიან დამჯერე და უსაყვარლესი ბავშვი იყო. დედამისი როცა სამსახურში იყო, ბავშვები სახლიდან არ გადიოდნენ, ფანჯარასთან იდგნენ და იქიდან იყურებოდნენ ხოლმე. დედა როცა იყო სახლში, ბუნებრივია რთავდა ეზოში თამაშის უფლებას, თვითონ სულ ფანჯრიდან აკონტროლებდა, სულ მოიკითხავდა და სულ მისი თვალთახედვის არეში იყვნენ ბავშვები. 

მართლა შოკში ვართ მთელი კორპუსი, ამხელა უბედურება დატრიალდა. გუშინწინ წვიმამ რომ გადაიღო, მას შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ დახუჭობანას. ეტყობა ნინიკოც დაიმალა, ვფიქრობ ჩაიცუცქა, თორემ სხვაგვარად არ ვიცი როგორ ჩავარდებოდა. ბავშვი სარდაფთან ორმოსავით ადგილას ჩავარდა. იქ ყრია ყველაფერი: შუშები, ხის სკამის დამტვრეული ფეხები, რკინა და ათასი ნაგავი, ამბობენ, სკამის ფეხს დაარტყა ყურის არე, ან შესაძლოა შუშის ნამსხვრევებს და ამისგან ბავშვს ჭრილობა ჰქონდა ყურის მიდამოში, როგორც ჩანს არტერია დაუზიანდა. მერე ყვიროდა თურმე ბავშვი, შველას ითხოვდა, ისევ ბავშვებს გაუგიათ და მისულან იქ, თვითონ რომ ნახეს ბავშვს ვერ ეხმარებოდნენ, გაქცეულან უფროსებთან და მათთვის უთხოვიათ დახმარება. ამოუყვანიათ ბავშვი, სისხლი სდიოდა და სამწუხაროდ საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოხერხდა, ბავშვი სისხლისგან დაიცალა. წნევაც დაუვარდაო და გარდაიცვალა. 

დიდი და ჰყავს და პატარა ძმა, სულ ერთად იყვნენ. როგორც გავიგე იმ დროს ძმა არ ყოფილა გარეთ. არადა ისეთი ბავშვი იყო, რომ მშობლებთან შეთანხმების გარეშე გარეთ რომ არ გადიოდა. თან ნაწვიმარი რომ იყო, ცოტა ბნელოდა იმ დროს, საღამოხანს მოხდა ბავშვი კი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ფაქტობრივად, იქვე დაიცალა სისხლისგან სანამ იმ თხრილიდან ამოიყვანეს. სავარაუდოდ, არტერია დაიზიანდა, სხვანაირად ასე უცებ როგორ დაიცლებოდა სისხლისგან.

სარდაფიც არ ითქმის, რაღაც ოთკუთხედია, ერთი მეტრის სიღრმით და იქ ყრია უთვალავი ნაგავი. არც ერთ მაცხოვრებელს არ უფიქრია ეს რომ საფრთხეს წარმოადგენდა, თორემ აგურებით შეიძლებოდა იმ ადგილის ამოვსება, ორი წყება აგური საკმარისი იქნება ამოსავსებად და ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა. ეს ორმოსავით ადგილი სანაგვედ იყო გამოყენებული და უამრავი სხვადასხვა ნივთი იყო ჩაყრილი”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” კორპუსის მცხოვრებმა.

ვარაუდობენ, რომ ბავშვს მოხვედრილი საგნისგან დაუზიანდა საძილე არტერია და სისხლისგან დაიცალა, ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ პატარას შესაძლოა ფუძის ძვალი ჰქონდა დაზიანებული. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ექსპერტიზით გაირკვევა მეტი დეტალი.

კვირის პალიტრა

Back to top button