
25 წლის თეკლა გერსამია, რომელიც 22 წლის ლუკა დარასელიას განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული, ახლა განაჩენს ელოდება, მას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
უმძიმესი დანაშაული თბილისში, საბურთალოზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, 22 აგვისტოს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცოლმა ქმარი ცივი იარაღით დაჭრა, რის შედეგადაც დაზარალებული კლინიკაში გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებული ბრალს არ აღიარებს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საქმეში დევს თეკლა გერსამიას ხელმოწერილი ჩვენება, სადაც ის დანაშაულს აღიარებს. ბრალდებული სასამართლო პროცესზე ირწმუნებოდა, რომ პოლიციის განყოფილებაში მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს და აღიარებით ჩვენებასაც ხელი ამიტომ მოაწერა.
ბრალდებული და მისი ადვოკატი მოსამართლეს სხდომის დახურვას სთხოვდნენ, რათა დარბაზი ჟურნალისტებს დაეტოვებინათ, რადგან არ სურდათ საქმეში არსებული დეტალები მედიაში გავრცელებულიყო, თუმცა მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ბრალდებულ თეკლა გერსამიას ადვოკატი ნინო გიგაური მისი დასაცავის 30.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილი კი პატიმრობის შეფარდებას.
საქმის მასალების მიხედვით, თეკლა გერსამიამ ლუკა დარასელია სადარბაზოში დანით მოკლა. უცნობია, რა იყო ამ კონფლიქტის მიზეზი, დეტალებზე პროცესზე არც ბრალდებულს და არც პროკურორს არ უსაუბრიათ, მოკლულის ოჯახი კი ამ მთავარ კითხვაზე პასუხს ელოდება.
ბრალდებული ქალი ტიკ-ტოკერი თეკლა გერსამიაა. ის ადრე დიმა გ-სთან იყო ქორწინებაში და მასთან 4 წლის გოგონა ჰყავს. როგორც ქალის მეგობარი ამბობს, მისი ყოფილი ქმარი ამჟამად ციხეში ხულიგნობის ბრალდებით იხდის სასჯელს და ციხიდან მომავალ წელს გამოვა. როგორც გერსამიას ნაცნობი ამბობს, – “თეკლა ჩვენთან ერთად იდგა რუსთაველზე, როცა ხელისუფლებას პატიმრებისთვის ამნისტიის გამოცემას ვთხოვდით, რადგან მისი ქმარი იხდის სასჯელს. ისიც ვიცი, რომ ქმარს ციხეში აკითხავდა”.
როგორც ლუკა დარასელიას ოჯახი ამბობს, თეკლამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო ლუკა და მას შემდეგ ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. თეკლასთან ერთად ცხოვრობდა მისი პატარა ქალიშვილიც.
თეკლა გერსამიას დედა უარყოფს, რომ მისი შვილი და ლუკა ერთად ცხოვრობდნენ და ამბობს, რომ ლუკა დარასელიამ თვითმკვლელობის მიზნით მიიყენა თვითდაზიანება, რადგან მისი შვილი უყვარდა: “თეკლა ძალიან უყვარდა და უნდოდა მასთან ყოფილიყო, თეკლა კი წინააღმდეგი იყო. ისე მოხდა, რომ ხელი მოაწერეს… იმ ბიჭს ვალები ჰქონდა. თეკლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას, მან კი პასპორტი წაართვა, არ გამეპაროსო. სულ ემუქრებოდა, თავს მოვიკლავო… ხან ხელებს ისერავდა, რას აღარ შვრებოდა… იმ დღესაც თვითონ ჩაირტყა დანა და თეკლამ გამოაძრო. მერე მიჰყავდა მხარზე აკიდებული, რომ “სასწრაფომდე” ჩაეყვანა, მაგრამ ვეღარ ჩაიყვანა კიბეზე, იმიტომ, რომ გაითიშა. გავარდა გარეთ, “სასწრაფო” მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა. გადარჩენას ცდილობდა”.
როგორც თეკლა გერსამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ვაკე-საბურთალოს მეორე სამმართველოში, სადაც ის რამდენიმე საათის განმავლობაში 4 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა, ჩვენება პოლიციელების ზეწოლის შედეგად მისცა: “ფსიქოლოგიურად იძალადეს ჩემზე. ჩემ გარშემო ათი კაცი იყო, მათ შორის ეს პროკურორი, და მიმეორებდა, შენ ჩაიდინე, შენ დაჭერი, მოაწერე ოქმს ხელი და წახვალ შენს შვილთანო. იმწუთას რასაც მეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებდი… არც მახსოვს, რას მოვყევი. თუ ადამიანი განზრახ მოვკალი და ამაში მედება ბრალი, მაშინ ის ჩემივე ხელით რატომ ვატარე მთელი სადარბაზო, რატომ მივიყვანე “სასწრაფოში”? ვითხოვდი ადვოკატს, ფსიქოლოგიურად ვერ ვიყავი კარგად და დახმარება მჭირდებოდა. ლუკა რომ მივიყვანე კლინიკაში და თქვეს კარგადაა, ერთადერთი განზრახვა მქონდა, ბავშვი წამეყვანა დედაჩემთან. იქ ვიყავი, რომ დარეკა პოლიციამ და დედამ უთხრა, ახლავე მოვიყვანო, მალევე მივედი პოლიციაში”.
პროკურორ გია შაიშმელაშვილის თქმით, ბრალდებულმა მტკიცებულების განადგურება, კერძოდ, დანაშაულის იარაღიდან კვალის წაშლა სცადა: “ბრალდებული არ და ვერც უარყოფს, რომ როდესაც “სასწრაფო” მიიყვანა შემთხვევის ადგილზე, დანა აიტანა სახლში, ჩააგდო სამზარეულოს ნიჟარაში და გარეცხა. მამხილებელი ინფორმაციის განადგურება სცადა”.
თეკლა გერსამია კი პროკურორს ასე პასუხობს: “ეს ფაქტი რომ მოხდა, მე საჭმელს ვაკეთებდი, წყალი მოშვებული იყო. დანა არ არის გარეცხილი, უბრალოდ, ჩაგდებულია. როდესაც ლუკა ჩაიყვანეს და მე უკან ამოვბრუნდი, რომ ბავშვი ჩამეყვანა, დანა, რომელიც ისევ იქ ეგდო, ავიღე და პირდაპირ ონკანში ჩავაგდე, ავიყვანე ბავშვი და გავყევი ლუკას “სასწრაფოსთან” ერთად”.
გერსამიას ადვოკატიც დანის ხელსაბანში ჩაგდების ფაქტს ბრალდებულის აფექტური მდგომარეობით ხსნის: “ეს იყო აფექტურ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება. შემთხვევა მეოთხე სართულზე მოხდა, ესენი მეექვსე სართულზე ცხოვრობენ, ბავშვი სახლში ჰყავდა დატოვებული, როდესაც აბრუნდა, დანა ინსტინქტურად ჩააგდო ონკანში, მას არ ჰქონდა გააზრებული, რომ ამის გამო შეიძლებოდა პასუხისგებაში მიეცათ”.
ადვოკატის თქმით, დაცვის პირთან შეხვედრის უფლებას ძალოვანები რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ, სამმართველოში მორიგე პოლიციელმა შეურაცხყოფა მიაყენა და ხელის კვრით ჩამოაცილა თეკლა გერსამიას. გამომძიებელმა ლაშა ჯუღელმა თავდაპირევლად უთხრა, რომ გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით იწყებოდა. თუმცა რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ შეიტყვეს, რომ თეკლა გერსამიამ ქმრის მკვლელობა აღიარა.
გარდაცვლილს ერთხელ აქვს დარტყმული დანა… თეკლას თვალწინ დაირტყა. თეკლა გერსამია ჩემი დასწრების გარეშე დაჰკითხეს. მან ნდობა გამოუცხადა და იმ ოქმს მოაწერა ხელი, რაც დაუდეს წინ, ოქმში კი ეწერა, მე დავარტყი დანაო… ის აღიარებითი ჩვენება, რაც საქმეში დევს, მიღებულია ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად”, – ამბობს ადვოკატი.
ლუკა დარასელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და, ალბათ, გასცემს მთავარ კითხვას პასუხს, მართლაც თვითონ ჩაირტყა თუ არა დანა მოკლულმა.
მართალია თეკლა გერსამია დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა მოკლულის ოჯახი დარწმუნებულია მის ბრალეულობაში და მის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
“კვირის პალიტრა” მის დეიდას, ირმა ესართიას ესაუბრა: – გაგვამწარა ამ ქალმა და ახლა ცდილობს დანაშაული აიცილოს. მინდა მთელმა საზოგადოებამ გაიგოს, თვეების განმავლობაში რა გამოვიარეთ. ლუკა უპატიოსნესი ბიჭი იყო, ქათამსაც არ მოკლავდა, ისეთი. 22 წელი მკვლელობის შემდეგ შეუსრულდა. თბილისში წავიდა და ეს სატანა რომ გაიცნო, მან პირველივე დღეს წაიყვანა თავის სახლში. არ ვიცით, რა გაუკეთა, სულ სხვანაირი გახდა. ამ ქალის გარდა არავინ უნდოდა, ის კი გათხოვილია, შვილიც ჰყავს, მისი ქმარი ციხეშია და იქიდან ემუქრებოდა ლუკას მოკვლით. ლუკას მამა მოსკოვში მუშაობს, ჩამოვიდა თბილისში, რომ შვილი მოეშორებინა ამ ქალისთვის, მაგრამ ვერაფერი შევძელით. ჩემი და კი პოლონეთში მუშაობდა, უნდა ჩამოსულიყო, ახლა ხელფასის აღებას ელოდებოდა, რადგან იმ ქალმა ლუკას ვალები დაადო. ლუკას მშობლებს ატყუებდა და ფულს სძალავდა. ეუბნებოდა, ლუკა დაიჭირეს და გირაოს თანხა, 7.000 ლარია გადასახდელიო. ჩემი და პოლონეთში ფულს სესხულობდა და უგზავნიდა, ეგონა, მის შვილს მართლა პრობლემები ჰქონდა. რომ დაურეკა, თეკლამ უთხრა, ადვოკატთან მოვილაპარაკე და 4.000-მდე ჩამოვიდა გირაოს თანხაო. დაიჯერა და ჩემმა სიძემ გამოუგზავნა ფული. ძალოვან უწყებებში ნაცნობები მყავს და გავარკვიე, რომ არანაირი საქმე ლუკას წინააღმდეგ არ იყო აღძრული, არც გირაო ჰქონდა გადასახდელი. ერთხელ ლუკამ სოფელში, დარჩელში ჩაიყვანა დედაჩემთან. სახლში მარტო ბებო იყო. ერთი ღამე დარჩნენ იქ და დედაჩემს რაც კი ახალი თეთრეული და პირსახოცები ჰქონდა, დაუკითხავათ წაიღო სახლიდან… თვეები ვცდილობდით რომ დაგვეშორებინა, მაგრამ ვერაფერი მოვახერხეთ. ლუკას ერთი და ჰყავს და მასთან დარეკვის უფლებას არ აძლევდა. იქვე მამიდა ცხოვრობს, არც მასთან უშვებდა. ყველგან დაჰყვებოდა. დაახლოებით 6 თვე იყვნენ ერთად. როგორც ვიცი, ქმარმა ვიღაცები გამოგზავნა ლუკასთან, თურმე ეძებდნენ. ის ქალი ამბობდა, ვერავინ შეეხება ლუკასო. რომ მოკლავდა, ვინ წარმოიდგენდა. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! ერთხელ ჩემს დას რამდენჯერმე დაურეკა, ადვოკატისთვის მინდა ფულიო, და სასწრაფოდ გამოაგზავნინა 500 ლარი. მერე გავიგეთ, თურმე თავისი შვილის ბაღის ზეიმისთვის უნდოდა.
ძალიან მოწესრიგებული ბიჭი იყო ლუკა და რაც ეგ ქალი გაიცნო, მას მერე წვერს არ იპარსავდა, თმას არ იჭრიდა. ლუკა როგორ აღმოჩნდა მის გვარზე, არ ვიცით. ეგეც მკვლელობის შემდეგ გავიგეთ. ვფიქრობ იმიტომ გამოუცვალა გვარი, რომ უნდოდა საზღვარგარეთ წაეყვანა. რაც მკვლელის დედამ ილაპარაკა, სიცრუეა. გამორიცხულია, ლუკას თავი მოეკლა. თავისი დის სახლში არ უშვებდა, არც მამიდასთან, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობს. ბოლო დროს ლუკას არც ტელეფონი ჰქონდა, ფეისბუკის პროფილიც გაუუქმა. თვითმკვლელობას კატეგორიულად გამოვრიცხავ, ამას დაამტკიცებს ექსპერტიზა. რატომ მოკლა? შეიძლება მიხვდა, რომ ფულის გამოძალვა აღარ გამოსდიოდა”.
ლუკა დარასელიას დედა ამბები.გე-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მისმა შვილმა თეკლას დაბადების დღეზე ხელი სთხოვა. “ვიდეოდან გავიგე, რომ დაბადების დღეზე სთხოვა ხელი, და თეკლას დაუწერია, რაც მინდოდა, ის შევასრულეო… თითქოს ლუკამ მანამდეც სცადა თვითმკვლელობა. ტყუილია, ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. დედამისს რცხვენოდეს, უფლის ეშინოდეს, კიდევ თავის შვილს რომ ამართლებს… ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა”, – ამბობს ინგა ესართია.
გამოძიების დასრულების შემდეგ სასამართლოში დაიწყება საქმის არსებითი განხილვა და ვნახოთ, ცნობენ თუ არა დამნაშავედ თეკლა გერსამიას.