
32 წლის ახალგაზრდა კაცი, ვალერი მათიაშვილი თანასოფლელებმა გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლით გზაზე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგ მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის წევრები ახალგაზრდას ეძებდნენ, რადგან სახლში არ დაბრუნდა. მოგვიანებით, ადგილობრივებმა გზაზე გარდაცვლილი ნახეს. ცოტა მოშორებით, გზის პირას იყო დაღუპულის ავტომობილი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია ქალი, რომელიც 32 წლის ვალერი მათიაშვილს მანქანით დაეჯახა და მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის დაკავების შესახებ ინფორმაცია ambebi.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.
ვალერი მათიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ცხოვრობდა დედასთან და ძმასთან ერთად. გლოვაა მის სოფელში და ადგილობრივები ითხოვენ დამნაშავის გამოვლენას და დასჯას.
ყველას უყვარდა სოფელში და დღეს ყველა განიცდის ამ ტრაგედიას. თავისი მანქანით იყო წასული, მერე მანქანა გაუჩერებია და ფეხით, ძუნძულით დარბოდა ნელ-ნელა დილით, როგორც ხდება ხოლმე. იმ დილით, ვარჯიშის დროს, შემოვლით გზაზე, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით სავარაუდოდ, ამ შემოვლით გზაზე დაეჯახა მანქანა. დანარჩენი ინფორმაცია ამ ეტაპზე არა მაქვს. სავარაუდოდ, შეჯახების შედეგად არის გარდაცვლილი. რაიმე სხვა საგნით დაზიანება სხეულზე მას არ აღენიშნება. ექსპერტიზაც ჩატარებულია, გამოძიება დაწყებულია და გაირკვევა ყველაფერი.
გზაზე უპოვიათ გარდაცვლილი თანასოფლელებს. დანარჩენი არაფერი ვიცით, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. ახლა აქ ვარ ოჯახში სამძიმარზე მოსული და ყველა განიცდის. ძალიან დიდი ტრაგედიაა ახალგაზრდა კაცის სიკვდილი. ჩართულები არიან შესაბამისი უწყებები და რა თქმა უნდა, გამოვლინდება დეტალები, გაირკვევა რაც მოხდა”, – განაცხადა მერის წარმომადგენელმა სოფელ კარდენახში.
“კვირის პალიტრა”